16 მაისს ჟურნალმა Physical Review Letters დასაბეჭდად მიიღო ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ ნეიტრინული სიგნალი IC191001A (რომლის დეტექტირება მოხდა ანტარქტიდის ყინულებში განთავსებული ნეიტრინული ობსერვატორია IceCube-ს მიერ) შესაძლებელია უკავშირდებოდეს ზემასიური შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის მიქცევით დაშლის მოვლენას AT2019fdr (რომელსაც ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვადასხვა სპექტრში აკვირდებოდნენ).
11 მაისს ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მოცემულია მარსის ზედაპირზე ჩინური მარსმავალის მიერ ნაპოვნ ჰიდრატირებულ მინერალებში არსებული ყინულის ანალიზის მონაცემები. მიღებული შედეგების თანახმად, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად, ამტკიცებს, რომ მარსის ზედაპირზე წყალი თხევად მდგომარეობაში იმაზე გვიან გაქრა, ვიდრე აქამდე ეგონათ.
ჟურნალმა The Astrophysical Journal Letters 12 მაისს გამოაქვეყნა EHT კოლაბორაციის სტატია, სადაც მოყვანილია ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის "ჩრდილის" და მისი აკრეციული კაშკაშა დისკოს პირველი სურათი. ეს კიდევ ერთი დიდი წარმატებაა EHT პროექტისთვის, რომელმაც 2019 წელს გამოაქვეყნა შავი ხვრელის სურათი გალაქტიკა Messier-87-ის ცენტრში.
ჟურნალმა Physical Review Letters აპრილში დასაბეჭდად მიიღო მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც მოცემულია GW200129 გრავიტაციულ ტალღურ სიგნალთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი. სიმულაციების თანახმად, ეს მოვლენა წარმოადგენს დაახლოებით 40 და 23 მზის მასის მქონე შავი ხვრელების შერწყმას, რის შედეგადაც გამოსხივებულმა გრავიტაციულმა ტალღებმა დაახლოებით 1,500 კმ/წმ სიჩქარე მიანიჭეს შერწყმის შედეგად წარმოშობილ დაახლოებით 27 მზის მასის მქონე შავ ხვრელს.
ჟურნალ Nature-ს აპრილის ნომერში გამოქვეყნდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომლებმაც Hubble-ის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების დახმარებით აღმოაჩინეს სწრაფად მზრდი შავი ხვრელი, რომელიც უკვე არსებობდა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 750 მილიონ წლის შემდეგ. მეცნიერების აზრით, ეს უნიკალური ობიექტი არის დამაკავშირებელი რგოლი ახალგაზრდა გალაქტიკებისა და ყველაზე ადრეულ სუპერმასიურ შავ ხვრელებს შორის.
ჟურნალ Science-ს აპრილის ნომერში გამოქვეყნდა CDF კოლაბორაციის მიერ W-ბოზონების მასის გაზომვების შედეგი, რომლებმაც აჩვენა გადახრა სტანდარტული მოდელის მონაცემებთან, რაც შესაძლოა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ახალი ფიზიკის მიმართულებით.
2021 წლის სტატიაში, რომელიც ახლახან დასაბეჭდად მიიღო ჟურნალმა Phys. Rev. Lett., სეულის უნივერსიტეტის და სამხრეთ კორეის საბაზისო მეცნიერების ინსტიტუტის მკვლევარების ჯგუფმა აჩვენა, რომ მრავალუჯრედიან ბატერეებში კვანტური გადახლართულობის გამოყენებას შეუძლია დამუხტვის სისწრაფე გაზარდოს კვადრატულად, კლასიკური მიმდევრობით სქემასთან შედარებით. ამისთვის საჭიროა ე. წ. დატენის გლობალური პროტოკოლის გამოყენება, რომელიც ბატარეის ყველა უჯრედს ტენის ერთობლივად.
ჟურნალ AIP Advances 2022 წლის მარტი ნომერში გამოქვეყნდა პორტსმუთის უნივერსიტეტის მკვლევარის Melvin Vopson-ის ნაშრომი, სადაც შემოთავაზებული პროტოკოლი თუ როგორ შეიძლება ექსპერიმენტულად შემოწმდეს მისი იდეა, რომ ინფორმაციას აქვს მასა და რომ ყველა ელემენტარული ნაწილაკი ინახავს ინფორმაციას საკუთარ თავზე.
Journal of High Energy Physics 2021 წლის აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში, ფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა იპოვა შავი ხვრელების ინფორმაციული პარადოქსის გადაჭრის ახალი მეთოდი. ჭია ხვრელების ამონახსნის გამოყენებით, რომელიც შეიძლება ერთმანეთთან აკავშირებდეს შავი ხვრელის შიდა და გარე არეებს, მათ აჩვენეს სისტემის სრული ენტროპიის განულების შესაძლებლობა.