რთული ქიმიური პროცესების გამო შეუძლებელია იმის ზუსტად გარკვევა, თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე. 2022 წლის 19 მაისს ჟურნალმა Astrobiology გამოაქვეყნა გამოყენებითი მოლეკულური ევოლუციის ფონდის (ფლორიდა) მეცნიერების სტატია, საედაც ისინი აცხადებენ, რომ რიბონუკლეინის მჟავა (რნმ), დნმ-ის ანალოგი, რომელიც სავარაუდოდ პირველი გენეტიკური მასალა იყო სიცოცხლისთვის, სპონტანურად წარმოიქმნება ბაზალტის ლავას მინებში. კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი, 100-200 ნუკლეოტიდის შემცველი, რნმ-ის მოლეკულები შეიძლება გაჩნდნენ ბაზალტის პერკოლაციის პროცესებისას.
„იმ დროს ბაზალტის მინა ყველგან იყო დედამიწაზე. მთვარის ჩამოყალიბებიდან რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში, ახალგაზრდა პლანეტაზე მეტეორიტების ხშირი დაჯახებები და უხვი ვულკანიზმი წარმოქმნიდა მდნარ ბაზალტის ლავას, ბაზალტის მინის წყაროს. დაჯახების შედეგად ასევე აორთქლდა წყალი და ნიადაგი გამოშრა, რაც უზრუნველყოფდა ლავის თხევადი რეზერვუარების არსებობას სადაც შეიძლებოდა რნმ-ის წარმოქმნა." - აღნიშნავს სტატიის ერთ-ერთი თანაავტორი Stephen Mojzsis.
იმავე მეტეორიტებმა ასევე ჩამოიტანეს ნიკელი, რომელიც ჯგუფმა აჩვენა, რომ იძლევა ნუკლეოზიდის ტრიფოსფატებს და აქტივირებულ ფოსფატებს, რომლებიც ასევე გვხვდება ლავას მინაში. რკინა-ნიკელის ბირთვების მქონე მეტეორიტებთან დაჯახება, რომლებიც ქმნიდნენ მინას, დროებით ამცირებდნენ ატმოსფეროს. ასეთ ატმოსფეროში ფორმირდებოდა რნმ-ის ფუძეები, რომელთა მიმდევრობები ინახავს გენეტიკურ ინფორმაციას. ჯგუფმა ადრე უკვე აჩვენა, რომ ნუკლეოზიდები წარმოიქმნება მარტივი რეაქციით რიბოზა ფოსფატსა და რნმ-ის ფუძეებს შორის.
ამრიგად, ახალი ნაშრომი აჩვენებს სრულ გზას, თუ როგორ იქმნება რნმ-ი მცირე ორგანული მოლეკულებისგან, რომლებიც თითქმის დანამდვილებით იყო ადრე დედამიწაზე. ერთი და იგივე გეოლოგიური მოდელის ფარგლებში იხსნება რამდენიმე ნახშირბადის მოლეკულიდან რნმ-ის მოლეკულებამდე ევოლუცია.
თუმცა მნიშვნელოვანი კითხვები რჩება. მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მიიღო რნმ-ის ყველა სამშენებლო ბლოკმა ერთნაირი ზოგადი ფორმა, თანადობა რომელიც ცნობილია როგორც ჰომოქირალობა. ასევე უცნობია რა შედეგებს იწვევდა ის ფაქტი, რომ ნუკლეოტიდებს შორის კავშირები შეიძლება ცვალებადი იყოს ბაზალტის მინებში სინთეზირებულ მასალაში.
"ამ მოდელის სილამაზე მისი სიმარტივეა. მისი შემოწმება შესაძლებელია სკოლის ქიმიის კლასში. შეურიეთ ინგრედიენტები, დაელოდეთ რამდენიმე დღე და აღმოაჩენთ რნმ-ს“ - ამბობს პლანეტოლოგი Jan Špaček, რომელიც არ იყო ჩართული ამ კვლევაში, მაგრამ შეიმუშავა ინსტრუმენტი მარსზე უცხო გენეტიკური პოლიმერების გამოსავლენად.
მარსის განხილვა აქტუალურია ახალ კვლევასთან მიმართებით, რადგან იგივე მინერალები და პროცესები მიმდინარეობდა წარსულში ამ პლანეტაზეც. თუმცა, მარსს არ განუცდია კონტინენტური ფილების გადანაცვლება, რამაც დედამიწაზე 4 მილიარდ წელზე ძველი ქანების უმეტესობა დამარხა. ამრიგად, მარსის ზედაპირზე რჩება შესაბამისი პერიოდის ქანები და ბოლო მისიებმა უკვე იპოვნეს რნმ-ის სინთეზირებისთვის საჭირო, სტატიაში მითითებული ყველა მინერალი.
„თუ სიცოცხლე დედამიწაზე გაჩნდა ჩვენს მიერ განხილული მარტივი პროცესების შედეგად, მაშინ ის ასევე გაჩნდებოდა მარსზე და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მარსზე სიცოცხლის ძიებას“. - ამბობს კვლევების ხელმძღვანელი Steven Benner.