სინათლის სიჩქარე (c = 299,792,458 მ/წმ) არის უნივერსალური ფიზიკური მუდმივა, რომელიც ფიზიკის მრავალ სფეროშია მნიშვნელოვანი. ფარდობითობის სპეციალური თეორიის თანახმად, c არის მაქსიმალური სიჩქარე, რომლითაც სამყაროში შეიძლება გადაიცეს ინფორმაცია. იგი აგრეთვე არის გრავიტაციის სიჩქარე. ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით. c ერთმანეთთან აკავშირებს დროსა და სივრცეს და აგრეთვე შეტანილია მასისა და ენერგიის ეკვივალენტობის აინშტაინის ცნობილ ფორმულაში E = mc2.
თუმცა მეცნიერები უშვებენ, რომ შესაძლოა, გარკვეულ უცნაურ ნაწილაკებს (ტახიონებს) სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობა შეეძლოთ, რაც ამ ნაწილაკებს უკან, წარსულში გაგზავნის.
სიჩქარის უნივერსალური ზღვარი
ამ დროისათვის, ფიზიკის ერთ-ერთი საუკეთესო თეორიაა ფარდობითობის სპეციალური თეორია, რომელიც ალბერტ აინშტაინმა შეიმუშავა. ამ თეორიის მიხედვით, სინათლის სიჩქარე მასის მქონე ნებისმიერი ობიექტისთვის წარმოადგენს სიჩქარის უნივერსალურ ზღვარს.
კერძოდ, ფარდობითობა გვეუბნება, რომ მასის მქონე ვერც ერთი ობიექტი ვერ განავითარებს სინათლის სიჩქარეზე მეტ სიჩქარეს.
რაიმე მასიური ობიექტის ასაჩქარებლად, საჭიროა, მისი ენერგია გავზარდოთ. რაც უფრო სწრაფად გვინდა ამ ობიექტის მოძრაობა, მით მეტი ენერგიაა საჭირო.
ფარდობითობის თეორიის განტოლება გვეუბნება, რომ მასის მქონე ნებისმიერი ობიექტი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მასა გააჩნია მას, უსასრულო ოდენობის ენერგიას საჭიროებს სინათლის სიჩქარემდე ასაჩქარებლად.
თუმცა, ჩვენთვის ცნობილი ენერგიის ყველა წყარო სასრულია: ისინი გარკვეულწილად შეზღუდულია.
სამყარო ალბათ მხოლოდ სასრული ოდენობის ენერგიას შეიცავს. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სამყაროში არ არსებობს იმდენი ენერგია, რომ რაიმე მასიური ობიექტი სინათლის სიჩქარემდე ავაჩქაროთ.
ტახიონები
სიჩქარის ეს უნივერსალური ზღვარი ვრცელდება ყველაფერზე, რასაც შეიძლება „ჩვეულებრივი მასა“ ვუწოდოთ.
თუმცა, შეიძლება არსებობენ ჰიპოთეტური ნაწილაკები, სახელად ტახიონები, სპეციალური სახის მასით, რომელსაც „წარმოსახვით მასას“ უწოდებენ.
ამჟამად არ არსებობს ტახიონების არსებობის რაიმე მტკიცებულება. თუმცა, ფარდობითობის თეორიის მიხედვით, არ შეიძლება გამოირიცხოს მათი არსებობის შესაძლებლობა.
თუ მაინც არსებობენ, ტახიონები ყოველთვის სინათლეზე სწრაფად უნდა მოძრაობდნენ. ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი მასის მქონე ნებისმიერ ნაწილაკს არ შეუძლია სინათლის სიჩქარის გადაჭარბება, ტახიონებს სინათლის სიჩქარეზე ნელა მოძრაობა არ უნდა შეეძლოთ.
ზოგიერთი ფიზიკოსის აზრით, თუ ტახიონები არსებობენ, ისინი მუდმივად დროში უკან, წარსულში უნდა მოგზაურობდნენ. სწორედ ამიტომ ასოცირდება ტახიონები დროში მოგზაურობასთან სამეცნიერო ფანტასტიკის მრავალ წიგნსა და ფილმში
არსებობს მოსაზრება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება ტაქიონების მოპოვება დროის მანქანის ასაშენებლად. მაგრამ ამჟამად ეს შორეულ ოცნებად რჩება და არ გაგვაჩნია პოტენციური ტახიონების დაფიქსირების შესაძლებლობაც კი.
უმოკლესი გზა?
სამწუხაროა, რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოგზაურობა არ შეგვიძლია. უახლოესი ვარსკვლავიც კი ჩვენგან 4.35 სინათლის წლით არის დაშორებული. შესაბამისად, სინათლის სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, იქამდე მისასვლელად ოთხ წელიწადზე მეტი დაგვჭირდებოდა.
ამ დროისათვის აღმოჩენილი ყველაზე შორეული ვარსკვლავი ჩვენგან დაახლოებით 28 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა. შესაბამისად, მთელი სამყაროს სტრუქტურის დადგენა თითქმის წარმოუდგენელი რამ არის.
ამასთან, ფარდობითობის ზოგადი თეორია უშვებს ე. წ. „ჭიის ხვრელების“ არსებობის შესაძლებლობას.
ჭიის ხვრელი წარმოადგენს უმოკლეს გზას ორ წერტილს შორის ჩვეულებრივი სივრცის გავლის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურ პირობებში ვარსკვლავი შეიძლება ჩვენგან 4.5 სინათლის წლით იყოს დაშორებული, ჭიის ხვრელში გავლით მასთან შეიძლება სულ რამდენიმე საათი გვაშორებდეს.
თუ ჭიის ხვრელები მართლაც არსებობენ სამყაროში, ისინი უშორეს მანძილებამდე მოგზაურობის საშუალებას დროის ძალიან მოკლე პერიოდებში მოგვცემდა
სამწუხაროდ, ტახიონების მსგავსად, ჭიის ხვრელებიც ჯერჯერობით ჰიპოთეტური ობიექტებია.
უცნაური შესაძლებლობები
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია სინათლეზე სწრაფად მოგზაურობა, მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა ეს რომ შეგვიძლოს.
ამგვარ დაშვებას „კონტრფაქტულ აზროვნებას“ უწოდებენ. ამ დროს განვიხილავთ თუ როგორი უნდა იყოს ან როგორი იქნებოდა საგნები, რეალობა რომ სხვაგვარი ყოფილიყო.
შეგვიძლია განვიხილოთ მრავალი სხვადასხვა შესაძლებლობა მიღებული ფიზიკის სხვადასხვა კანონის მოდიფიცირების დაშვებით.
ასე რომ ჩვენ ვერ ვიტყვით დაზუსტებით, თუ რა მოხდებოდა სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობა რომ შეგვეძლოს. საუკეთესო შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. დავიწყებდით კი დროში უკან მოგზაურობას, როგორც ამას ზოგიერთი ფიზიკოსი ტახიონების შემთხვევაში მიიჩნევს?
აქ უკვე ყველაფერი ჩვენს წარმოსახვაზეა დამოკიდებული!
წყარო:
https://www.sciencealert.com/what-would-happen-if-someone-moved-at-twice-the-speed-of-light
https://1tv.ge/news/ra-mokhdeboda-sinatleze-orjer-swrafad-modzraoba-rom-shegvedzlos-1tvmecniereba/