35 წლის შემდეგ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი კვლავ მნიშვნელოვან აღმოჩენებს აკეთებს. ბოლო წლის განმავლობაში მეცნიერებმა მისი მეშვეობით დაადასტურეს პირველი იზოლირებული შავი ხვრელის არსებობა, დააკვირდნენ ნასას მისიის შედეგად წარმოქმნილ კოსმოსურ ნამსხვრევებს და დაადგინეს ძლიერი და იდუმალი რადიოტალღის წყარო.
ეს მოვლენები ადასტურებს, რომ ჰაბლს კვლავ ბევრი სამეცნიერო მისია აქვს შესასრულებელი, უფრო მეტიც, ზოგიერთი დაკვირვება შეუძლებელია სხვა ტელესკოპით განხორციელდეს, ჯეიმს ვების ახალი კოსმოსური ტელესკოპის ჩათვლით.
დღემდე ჰაბლის ტელესკოპს აღმოჩენილი აქვს 100 მილიონზე მეტი ობიექტი. დაწყებული კომეტებით ჩვენს მზის სისტემაში, მომაკვდავი ვარსკვლავებით ირმის ნახტომში და დამთავრებული შორეული გალაქტიკებით, რომლებიც დიდი აფეთქებიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ წარმოიშვნენ.
ჰაბლს შეუძლია დაინახოს ის რაც სხვა ტელესკოპებისთვის უხილავია
ჰაბლის ტელესკოპი კოსმოსში იქნა გაშვებული შატლი Discovery-ს საშუალებით 1990 წელს. ასტრონავტებმა ის დედამიწის დაბალ ორბიტამდე მიიყვანეს და დღემდე იქ იმყოფება, დაახლოებით 515 კილომეტრის სიმაღლეზე დედამიწის ზედაპირიდან. ჰაბლის ერთ-ერთი ძირითადი თვისება, რაც მას სხვა ტელესკოპებისგან განასხვავებს, არის ის რომ მას შეუძლია მონაცემების შეგროვება ელექტრომაგნიტური სპექტრის ულტრაიისფერი დიაპაზონიდან. ტელესკოპებს დედამიწიდან არ შეუძლიათ ულტრაიისფერ სინათლეზე დაკვირვება რადგან დედამიწის ატმოსფერო მათ უმეტეს ნაწილს შთანთქავს. კოსმოსში გაშვებულ ზოგ ტელესკოპსაც შეუძლია ულტრაიისფერი სინათლის მიღება, მაგრამ მათი გამოსახულებები შედარებით ბუნდოვანია. ჰაბლი კი ახერხებს ობიექტი ათჯერ უფრო ხილული გახადოს.
ჰაბლის გადაღებული გამოსახულებები აგრძელებენ ჩვენს გაოცებას
ქვემოთ მოცემულია ჰაბლის რამდენიმე გამოსახულება ბოლო 35 წლის განმავლობაში, რომლებმაც როგორც მეცნიერები ისე ფართო საზოგადოება აღაფრთოვანა.
კოსმოსური შეჯახება
2010 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს უცნაური ასტეროიდი — მას ჰქონდა კომეტის მსგავსი მტვრიანი კუდი. ჰაბლის ტელესკოპით შეგროვებული მონაცემები მიუთითებდა, რომ ეს ობიექტი, სახელად P/2010 A2, სავარაუდოდ, წარმოიქმნა ორი ასტეროიდის შეჯახების შედეგად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეცნიერებმა შეისწავლეს ასეთი კოსმოსური შეჯახების შედეგები პირდაპირ დაკვირვებით.
იუპიტერის ავრორა
იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარე პოლარული ნათება (ავრორა). ჰაბლის ტელესკოპმა აჩვენა, რომ იუპიტერის ძლიერი მაგნიტური ველი იწვევს განსაკუთრებით ინტენსიურ და ხანგრძლივ ავრორებს ამ გიგანტურ პლანეტაზე, განსხვავებით დედამიწაზე მიმდინარე მსგავსი მოვლენებისგან.
შეჯახება მზის სისტემაში
1994 წლის ივლისში, კომეტა შუმეიკერ-ლევის 9-ის ოცზე მეტი ფრაგმენტი, რომელიც იუპიტერის გრავიტაციის მიერ გამოწვეულმა მოქცევითმა ძალებმა დააქუცმაცა, პლანეტას დაეჯახა. რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაბლის ტელესკოპი აკვირდებოდა ამ შეჯახების განვითარებას.
სიკვდილის წიაღში
პლანეტარული ნისლეული NGC 7027 ირმის ნახტომში, ფენებად ისვრის გაზისა და მტვრის შრეებს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ნისლეულის ეს რთული ფორმები შეიძლება გამოწვეული იყოს თანამგზავრი ვარსკვლავის არსებობით, რომელიც მომაკვდავ ვარსკვლავს უერთდება.
კოსმოსური მოქანდაკე
ლაგუნის ნისლეული დედამიწიდან დაახლოებით 4,000 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ამ სურათზე ჩანს, როგორ აყალიბებს მტვერსა და გაზს ვარსკვლავი, რომელიც დაახლოებით 30-ჯერ მასიურია ვიდრე მზე. სურათზე არსებული სხვადასხვა ფერები წარმოადგენს ჰაბლის ფართოკუთხიანი კამერის მიერ დაკვირვებულ სინათლის ოთხი სხვადასხვა ტალღის სიხშირის ზედდებას.
ახალგაზრდა ვარსკვლავების ჯგუფი
ეს ვარსკვლავური გროვა NGC 1850, ერთობლივი გრავიტაციით არის შეკრული და მდებარეობს დიდ მაგელანის ღრუბელში — გალაქტიკაში, რომელიც ახლოსაა ირმის ნახტომთან. განსხვავებით ტიპიური გლობულარული ვარსკვლავური გროვისაგან, ეს ჯგუფი შედგება შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან, რაც ქმნის ორ თაობაში დაბადებული ვარსკვლავების ერთობლიობას. ჰაბლის ტელესკოპი დააკვირდა NGC 1850-ს სინათლის სხვადასხვა ტალღის სიგრძის დიაპაზონში, თუმცა ულტრაიისფერი დაკვირვებები განსაკუთრებით სასარგებლო იყო ყველაზე ახალგაზრდა და ცხელ ვარსკვლავთა აღმოსაჩენად.
შავი თვალი
ოფიციალურად ცნობილი როგორც NGC 4826, ეს სპირალური გალაქტიკა ასევე ცნობილია სახელით „შავი თვალი“ (Black Eye galaxy), სახელწოდება მომდინარეობს მტვრის ბნელი ზოლიდან, რომელიც ნაწილობრივ ფარავს მის ცენტრს. ამ გალაქტიკაში გაზის მღელვარე მოძრაობები იწვევს ახალი ვარსკვლავების წარმოქმნას, რომლებიც ამ სურათში ლურჯად ჩანს.
სიცარიელის შევსება
1995 წელს ჰაბლმა გადაიღო ეს სურათი, რომელიც გამოუცდელი თვალისთვის ხილული სივრცის პატარა წერტილად ჩანს. მეცნიერები გაოგნებული იყვნენ, როდესაც დაადგინეს, რომ სურათში ათასობით ადრე შეუმჩნეველი გალაქტიკა იყო, რომლებიც ევოლუციის სხვადასხვა სტადიაზე იმყოფებოდნენ.
წყარო:
https://www.scien...nniversary