
23 ნოემბერს ჟურნალმა Science გამოაქვეყნა Telescope Array კოლაბორაციის სტატია, რომელშიც მოცემულია 2021 წლის 27 მაისს, იუტას შტატში განთავსებული ტელესკოპების მასივის მიერ დაფიქსირებული ექსტრემალური ენერგიის კოსმოსური სხივის (Amaterasu ნაწილაკი) მონაცემების ანალიზი. ანალიზის თანახმად, ამ სიგნალის გამომწვევ ნაწილაკს (სავარაუდოდ პროტონი) გააჩნდა აქამდე დაფიქსირებულ კოსმოსურ სხივებს შორის მეორე უდიდესი ენერგია. ამავდროულად, მეცნიერებმა ვერ შეძლეს სიგნალის შესაძლო წყაროს დადგენა, სხივის მიმართულება მიუთითებს ლოკალურ სიცარიელეზე სამყაროს ფართომასშტაბიან სტრუქტურაში.

NASA-მ გამოაქვეყნა იუპიტერის ერთ-ერთი მთვარე Io-ს ახალი სურათები, რომელიც გადაღებული იქნა 2023 წლის 16 ოქტომბერს კოსმოსური სადგური Juno-ს მიერ. სურათების სერიაზე ჩანს Io-ზე მდებარე მთები და ვულკანები და ასევე გოგირდის დიოქსიდით მდიდარი დაბლობი ვულკანურ ზონებს შორის სახელწოდებით „კოლხეთის დაბლობი“.

3 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა, რომ 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში გახდნენ პიერ აგოსტინი (აშშ), ფერენც კრაუში (გერმანია) და ენნ ლ'ჰუილიე (შვეცია), მატერიაში ელექტრონების დინამიკის შესასწავლად ატოწამური იმპულსების გენერაციის მეთოდებისთვის. ჯილდოები 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიცემა.

24 სექტემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 18:53 საათზე, OSIRIS-REx (NASA) პლანეტათაშორისო სადგურის დასაბრუნებელი კაფსულა რბილად დაეშვა იუტას შტატში. ამრიგად, ასტეროიდ ბენუდან დედამიწაზე ნიადაგის ნიმუშების ჩამოტანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დაშვების პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა YouTube-ზე.

Astrophys. Journal-ის აგვიტოს ნომერში გამოაქვეყნდა სტატია, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ფართო ორმაგი ვარსკვლავების სისტემისთვის ირღვევა ნიუტონის გრავიტაციის კანონი. მონაცემები კარგად აღიწერება მოდიფიცირებული გრავიტაციის მოდელის - MOND-ის ფარგლებში და ეჭვქვეშ აყენებს ფარული მატერიის კონცეფციას.

2023 წლის 29 ივნისს, ჟურნალმა Astrophys. J. Lett., გამოაქვეყნა NANOGrav კოლაბორაციის სტატია, სადაც ასტრონომები აცხადებენ, რომ პირველად აღმოაჩინეს სამყაროში დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღების ხმაურის არსებობის საიმედო ნიშნები. ამისათვის მათ გააანალიზეს ირმის ნახტომის 67 რადიო პულსარზე 15 წლის დაკვირვების მონაცემები.

ჟურნალმა Proceedings of the National Academy of Sciences, 2023 წლის მაისის ნომერში გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, ვენის ტექნიკური უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა შეძლო სიმულატორის დახმარებით შეექმნა კვანტური სისტემა, რომელშიც გრავიტაციული ლინზირების ანალოგიური ეფექტის დაკვირვებაა შესაძლებელი.

2023 წლის მარტის ნომერში ჟურნალმა Journal of High Energy Physics გამოაქვეყნა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევრების სტატია, სადაც შესწავლილია შესაძლებლობა, რომ მომავლის ლეპტონურ მულტი-ტევ ენერგიების კოლაიდერზე მოხდება ე. წ. ფარულის სექტორის ნაწილაკების დამზერა.

ჟურნალმა Proceedings of the National Academy of Sciences აპრილის ნომერში გამოაქვეყნა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც მოყვანილია მარსის ბირთვის ახალი მოდელი, რომელიც მიღებულია InSight (NASA) მისიის სეისმოგრაფის მონაცემების ანალიზით. ახალი მოდელის თანახმად, მარსის თხევადი ბირთვი შედგება გამდნარი რკინისგან, დიდი რაოდენობის გოგირდისგან და მცირე რაოდენობით, ჟანგბადისგან, ნახშირბადისა და წყალბადისგან.