
2024 წლის 2 მაისს ჟურნალმა Physical Review Letters გამოაქვეყნა BESIII კოლაბორაციის სტატია, სადაც პეკინის ელექტრო-პოზიტრონული კოლაიდერის მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ J/ψ-მეზონების დაშლისას აღმოჩენილი X(2370) რეზონანსი წარმოადგენს ფსევდო-სკალარულ ნაწილაკს მასით 2.4 GeV, რაც კარგ თანხვედრაშია თეორიულად პროგნოზირებული ყველაზე მსუბუქი გლუბოლის (მხოლოდ გლუონებისგან შემდგარი ჰიპოთეტური ნაწილაკის) მახასიათებლებთან.

2024 წლის 4 აპრილს ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მკვლევართა ჯგუფის სტატია ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინრების ინსტიტუტის მიერ მაისში ჩასატარებელ 45-ე სიმპოზიუმის მასალებისთვის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის თემებზე, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ ჰაკერებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა ღრუბლოვან სისტემებზე და მათში შენახულ მონაცემებზე.

2024 წლის 29 მარტს NASA-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მარსმავალი Curiosity მოძრაობს ისეთ უბანზე, სადაც გამდინარე წყალი არსებობდა ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე ადრე ეგონათ.

2024 წლის 27 მარტს Nature-ში გამოქვეყნდა ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც კოსმოსური რენტგენული ტელესკოპის INTEGRAL და ავსტრალიური რადიოტელესკოპების მასივის მონაცემების გამოყენებით შეფასებულია, რომ ნეიტრონული ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილი ჭავლის სიჩქარე სინათლის სიჩქარის მესამედს აღწევს.

2024 წლის 27 მარტს Nature-ში გამოქვეყნდა მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც ნაჩვენებია, რომ მათ შეძლეს ლითოგრაფიული მეთოდით სილიკონში კვანტური წერტილების შექმნა სადაც შესაძლებელია სპინ კუბიტებს მართვა 1 K-ზე მეტ ტემპერატურაზე. ეს საშუალებას იძლევა გადაილახოს ფუნდამენტური შეზღუდვა, რომ გარემოს თერმული ენერგია უნდა იყოს კუბიტის ენერგიებზე ბევრად დაბალი, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა კვანტური გამოთვლების გზაზე.

2024 წლის 21 მარტს ჟურნალმა The Astrophysical Journal გამოაქვეყნა მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის მეცნიერების სტატია, რომელშიც კოსმოსური ობსერვატორია Gaia და SDSS პროექტის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, გამოცხადებულია ჩვენი გალაქტიკის შესაძლო ორი უძველესი სამშენებლო ბლოკის აღმოჩენის შესახებ, რომლებიც ირმის ნახტომს 12-13 მილიონი წლის წინ შეერწყნენ.

2024 წლის 16 თებერვალს ჟურნალმა Nature Nanotechnology გამოაქვეყნა ავსტრალიელი და ჩინელი მეცნიერების ჯგუფის სტატია, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ნანო-კომპოზიტური ნახშირბადის ელექტროლიტებს შეუძლიათ ლითიუმ-გოგირდის ბატარეების თვით-განმუხტვის მაჩვენებლის 75%-ით შემცირება, ხოლო დამუხტვა-განმუხტვის ციკლის 1000-მდე გაიზარდა.

2024 წლის 25 იანვარს ევროპის კოსმოსური სააგენტოს სამეცნიერო პროგრამის კომიტეტმა დაამტკიცა მომავალი კოსმოსური გრავიტაციულ-ტალღური ობსერვატორიის LISA-სთვის განკუთვნილი მოწყობილობების აგების დაწყება. სააგენტოს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის კოსმოსში 2035 წელს უნდა გაფრინდეს.

2024 წლის 18 იანვარს ჟურნალში Astronomy & Astrophysics ტელესკოპების კოლაბორაციამ Event Horizon გამოაქვეყნა გალაქტიკა M 87-ის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის მეორე ფოტო, რომელიც შექმნილია 2018 წლის აპრილის დაკვირვებების მონაცემების გამოყენებით. ახალ სურათზე ჩანს 2017 წლის სურათიდან ნაცნობი იგივე ზომის სინათლის რგოლი, რომელიც გარს აკრავს ცენტრალურ ბნელ არეს, „შავი ხვრელის ჩრდილს“. საინტერესოა, რომ ამ სინათლის ბეჭდის სიკაშკაშის პიკი წინა სურათთან შედარებით დაახლოებით 30 გრადუსით არის მოტრიალებული საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. მეორე ფოტოს გადაღებამდე მკვლევარებმა ქსელს დაუკავშირეს დამატებითი ტელესკოპები და გაზარდეს მონაცემთა ჩაწერის სიჩქარე.