დედამიწას გააჩნია დაახლოებით პლუტონის ზომის მკვრივი შიგა რკინის ბირთვი, რომლის შესახებ ცოდნა მკვეთრად გაიზარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. რადგან დედამიწის ცხელი ბირთვის პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია, მკვლევარები იყენებენ არაპირდაპირ მეთოდებს მისი თვისებების შესასწავლად.
ჯერ კიდევ 1996 წელს სეისმოლოგებმა ივარაუდეს, რომ დედამიწის შიდა ბირთვი დანარჩენ პლანეტაზე სწრაფად ბრუნავს. ეს მოვლენა, რომელსაც სუპერ-ბრუნვა უწოდეს, დასტურდებოდა მიწისძვრებით გამოწვეული სეისმური ტალღების გავრცელების ანალიზით.
მოგვიანებით, 2019 წლის სტატიაში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაანალიზეს 1971-74 წლებში საბჭოთა არქიპელაგ „ახალი მიწაზე“ განხორციელებული მიწისქვეშა ატომური გამოცდების დროს გენერირებული სეისმური ტალღები და დაადასტურეს სუპერ-ბრუნვის მართებულობა. მოდელირებამ ასევე აჩვენა, რომ დედამიწის მკვრივი შიდა ბირთვი არ ბრუნავს მუდმივი სიჩქარით (როგორც ადრე ეგონათ), არამედ მოძრაობს ცვლადი სიჩქარით ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით.
2022 წლის 10 ივნისს ჟურნალ Science Advances გამოქვეყნებულ თავიანთ ახალ ნაშრომში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედამიწის შიდა ბირთვის ბრუნვის სიჩქარე და მიმართულება ოსცილირებს. მკვლევარებმა გამოიყენეს წინა სტატიაში დამუშავებული მეთოდიკა, ამჟამად ორი უფრო ადრეული, ალიასკაზე (აშშ) 1969 და 1971 წლებში განხორციელებული ატომური გამოცდის მონაცემების ანალიზისთვის. ბირთვული აფეთქებებით გამოწვეული კუმშვითი ტალღების შესწავლის საფუძველზე მათ აღმოაჩინეს, რომ დედამიწის შიდა ბირთვს ამ დროს გააჩნდა ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულება და ბრუნავდა ნაკლები სიჩქარით, დაახლოებით 0.1 გრადუსით წელიწადში.
კვლევა აჩვენებს, რომ შიდა ბირთვმა ბრუნვის მიმართულება შეიცვალა 6-წლიან პერიოდში, ის ბრუნავდა ერთი მიმართულებით შენელებულად 1969-1971 წლებში, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით 1971-1974 წლებში. ეს მოვლენა დაემთხვა იმავე პერიოდში დამზერილ დღის ხანგრძლივობის მცირე გაზრდასა და შემოკლებას. ახალი კვლევა ხსნის თუ რა იწვევდა დღის ხანგრძლივობის ამ ცვლილებას.
„შიდა ბირთვია არაა ფიქსირებული - ის იცვლება ჩვენს ფეხქვეშ და სავარაუდოდ გადაადგილდება წინ და უკან რამდენიმე კილომეტრით ყოველ ექვს წელიწადში,“ — ამბობს სტატიის ერთ-ერთი ავტორი John Vidale (სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი).
კვლევები ეყრდნობა აშშ-ს მონტანას შტატში განთავსებულ სეისმური კონტროლის ცენტრის (Large Aperture Seismic Array) მონაცემებს. შედეგების დადასტურება დამოკიდებული იქნება ახალი, საკმარისად ზუსტი მონაცემების მოპოვებაზე. თუმცა, მონტანას სეისმური ცენტრი დაიხურა 1978 წელს, მას მერე რაც დასრულდა აშშ-ს მიწისქვეშა ატომური ტესტირების ეპოქა.
წყარო: