მეცნიერთა აზრით, ფარული მატერია არის გალაქტიკების შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ვინაიდან ის იწვევს კოსმოსური მტვერის აკრეციას. ფარული მატერია თითქმის ყველა გალაქტიკაშია აღმოჩენილი. თუმცა 2018 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ჯუჯა გალაქტიკა (NGC 1052-DF2), რომელშიც ვერ შეძლეს ფარული მატერიის დაფიქსირება. მოგვიანებით, 2019 წელს აღმოაჩინეს მეორე ასეთი გალაქტიკაც (NGC 1052-DF4), რომელიც პირველთან ერთად შედის 11 ჯუჯა გალაქტიკისაგან შემდგარ კლასტერში. ეს გალაქტიკები ქმნიან დაახლოებით 6 მილონ სინათლის წლის სიგრძის მწკრივს და ამიტომაც ამ ჯგუფს „ტყვიის კლასტერს“ (Bullet Cluster) უწოდებენ.
მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს მეორე გალაქტიკა ფარული მატერიის გარეშე, გაჩნდა კითხვა, თუ როგორ წარმოიშვა ისინი. მეცნიერთა აზრით, ეს ყოველივე გამოიწვია ორი ჯუჯა გალაქტიკის ერთმანეთთან შეჯახებამ დაახლოებით რვა მილიარდი წლის წინ. ასეთი შეჯახებისას გალაქტიკების ფარული მატერია შეუფერხებლად გააგრძელებდა მოძრაობას, რადგან ის არ ურთიერთქმედებს სხვა მატერიასთან. მაგრამ ორი გალაქტიკის ბარიონული გაზი ერთმანეთზე გაიბნეოდა და საბოლოოდ წარმოქმნიდა მრავალ გროვას, რომლებიც თითოეული შექმნიდა ცალკე ჯუჯა გალაქტიკას ფარული მატერიის მცირე შემცველობით. ამ იდეას ის ამყარებს, რომ ეს ორი გალაქტიკა, რომელიც არ შეიცავს ფარულ მატერიას, ამჟამად ერთმანეთს შორდება, რაც უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ისინი ერთ წერტილში წარმოიქმნენ.
რა თქმა უნდა, ამ იდეას კრიტიკოსებიც ყავს, რომლებიც თავის სკეპტიციზმს შემდეგი მიზეზებით ხსნიან: ტყვიის კლასტერის გალაქტიკებამდე მანძილი გაზომილია დედამიწიდან, ამიტომ ისინი შეიძლება სივრცეში ისე იყვნენ განლაგებული, რომ სულაც არ ქმნიდნენ მწკრივს, შესაბამისად არც კლასტერს და საერთო წარმოშობის ისტორიაც არ აკავშირებდეთ. ამას გარდა, არ არის შესწავლილი ტყვიის კლასტერის დანარჩენი წევრები, შესაბამისად არ ვიცით შეიცავენ თუ არა ისინი ფარულ მატერიას. თუ აღმოჩნდება, რომ კლასტერის სხვა გალაქტიკებშიც არ არის ფარული მატერია, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზემოთ ხსენებული იდეა სიმართლესთან ახლოა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მალე შეძლებენ თავიანთი ვარაუდების შემოწმებას, ვინაიდან ეს ძალიან დაგვეხმარებოდა ფარული მატერიის ბუნების დადგენის საქმეში.
წყარო:
https://www.sciencenews.org/article/galaxy-dark-matter-dwarf-galaxies-physics-space