NASA-მ გამოაცხადა საგრანტო კონკურსის ახალი რაუნდი 1 კილომეტრი დიამეტრის მქონე რადიო-ტელესკოპის განსათავსებლად მთვარის კრატერში.
NASA-მ შეარჩია Masten Space Systems of Mojave (კალიფორნია), რათა 2022 წლისთვის მოხდეს მთვარის სამხრეთ პოლუსზე სხვადასხვა სახის ტვირთის ტრანსპორტირება, რომლებიც უნდა დაეხმარონ 2024 წლისთვის დაგეგმილ პილოტირებულ მისებს.
გადაწყდა, რომ NASA-ს მომავალ მარსმავალს სახელად „შეუპოვრობა“ (Perseverance) ეწოდოს. დასახელება შემოთავაზებული იქნა ამერიკელი მეშვიდე კლასის მოსწავლის მიერ და აირჩა 28,000 ვარიანტიდან.
კანადელმა მეცნიერებმა CHIME-ს რადიო ტელესკოპის გამოყენებით აღმოაჩინეს 16.35-დღიანი ციკლის მქონე სწრაფი რადიო-იმპულსები (FRB), რომელთა წყარო მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 500 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ სპირალურ გალაქტიკაში. ეს განმეორებადი სწრაფი რადიო ამოფრქვევების აღმოჩენის მეორე შემთხვევაა, თუმცა პირველად მოხდა ასეთი სახის პერიოდულ სიგნალის დაფიქსირება.
2020 წლის 4-8 იანვარს ჰავაიზე გამართულ ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 235-ე შეხვედრაზე ამერიკელმა ასტრონომების ჯგუფმა წარმოადგინა მოხსენება, რომ მათ გალაქტიკებში აღმოაჩინეს ფარული მატერიის მცირე ზომის არაერთგვაროვნებები, რომელთა მასაც გალაქტიკის ჰალოს ფარულ მასაზე 100,000-ჯერ მცირეა. ეს დაკვირვება თითქოს გამორიცხავს მსუბუქი ნაწილაკებისგან შემდგარ ფარული მატერიის მოდელებს (თბილი ფარული მატერია) და თანხვედრაშია სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელთან (ცივი ფარული მატერიით). შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ის წლის თებერვლის ნომერში.
ჟურნალ Nature-ის დეკემბრის ნომერში გამოცხადდა, რომ იაპონიის მთავრობამ დაადასტურა 600 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა ნეიტრინოების უდიდესი დეტექტორის Hyper-Kamiokande-ს ასაშენებლად. დეტექტორის ძირითად ნაწილში განთავსდება 260 000 ტონა ზე-სუფთა წყალი, რაც 5-ჯერ მეტი იქნება ამჟამად მოქმედ Super-Kamiokande-სთან შედარებით. ნეიტრინოების შესწავლის გარდა, ახალი ხელსაწყოს ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იქნება პროტონის დაშლის ძიება.
კოსმოსურმა ტელესკოპმა Hubble-მ გადაიღო ჰოგის ობიექტის (გალაქტიკების იშვიათი კომბინაციის) ახალი სურათი.
ჟურნალმა Physical Review Letters 25 ნოემბერს გამოაქვეყნა KATRIN კოლაბორაციის შედეგები, რომელთა თანახმადაც ნეიტრინოს მასა არ შეიძლება აღემატებოდეს 1.1 eV-ს, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია ადრე მიღებულ ზემო ზღვართან შედარებით.
ჟურნალმა Physical Review Letters 22 ნოემბერს გამოაქვეყნა LHCb კოლაბორაციის შედეგები D-მეზონების ლეპტონური არხებით დაშლებზე. სტატიის თანახმად μ და τ-ლეპტონური არხებით დაშლების ალბათობების ფარდობა თავსებადია სტანდარტული მოდელის წინაწარმეტყველებებთან.



