გრავიტაციული ტალღების ობსერვატორია LIGO მწყობრში ჩადგა 2002 წელს, თუმცა მალევე დაიხურა მოდერნიზაციის მიზნით, რომელიც 8 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მალევე ხელმეორედ გაშვებიდან, 2015 წელს, ობსერვატორიამ დააფიქსირა ორმაგი შავი ხვრელების შერწყმით გამოწვეული პირველი გრავიტაციული ტალღური სიგნალი. დაკვირვებების პირველი და მეორე სეზონების განმავლობაში დადასტურდა კიდევ 10 შავი ხვრელების და 1 ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის შემთხვევა. დაკვირვებების მეორე სეზონის ბოლოს, 2017 წლის აგვისტოში, აშშ-ს ტერიტორიაზე განთავსებულ LIGO-ს ორ დეტექტორს შეუერთდა იტალიური VIRGO, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა ცის თაღზე სიგნალების წყაროების მდებარეობის დადგენის სიზუსტე. 2017 წლის შემოდგომაზე LIGO/VIRGO დეტექტორების შემქმნელებს მიენიჭათ ნობელის პრემია ფიზიკაში გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისთვის.
ბოლო 2 წლის განმავლობაში LIGO თითქმის წლინახევრით იყო გაჩერებული მორიგი მოდერნიზაციის მიზნით და მუშაობას შეუდგა 2019 წლის 1 აპრილიდან. დაკვირვებების მესამე ფაზა ამჟამად მიმდინარეობს და მომავალი წლის აპრილში უნდა დასრულდეს. დღევანდელი მდგომარეობით კოლაბორაციის მიერ დადასტურებულია 40-მდე გრავიტაციული ტალღური სიგნალი.
ამა წლის 12 ნოემბერს გამოცხადდა, რომ LIGO/VIRGO-ს მისამ 10 ნოემბერს პირველად დააფიქსირა გრავიტაციული ტალღები ცალკეული ობიექტიდან (შემთხვევა S191110af). მანამდე აღმოჩენილი ყველა გრავიტაციული სიგნალი კოლაბორაციის მიერ ინტერპრეტირებული იყო როგორც ორმაგი სისტემების (შავი ხვრელების ან ნეიტრონული ვარსკვლავების) კოლაფსის გამოძახილი. ამ შეტყობინებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მეცნიერებს შორის. ზოგიერთი ფიზიკოსი მიუთითებდა ამ უცნაური სიგნალის შესაძლო ეგზოტიკურ წყაროებზე, მაგალითად შეკრული კოსმოსური სიმის კოლაფსი.
თუმცა ახლახან აღმოჩნდა, რომ სიგნალი S191110af გამოწვეული იყო ხარვეზით LIGO-ს ერთ-ერთ დეტექტორში, რაც სხვა ინსტრუმენტების მონაცემების ანალიზით გამოვლინდა. ამის შესახებ 15 ნოემბერს ტვიტერით აცხადებს მისიის ლიდერი Christopher Berry. ობსერვატორიის პრეს რელიზის თანახმად ასევე გაუქმებული იქნა ნოემბერში დაფიქსირებული ხუთივე კანდიდატი შემთხვევა. ეს ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს LIGO/VIRGO კოლაბორაციის მიერ მანამდე დადასტურებული შემთხვევების მართებულობას. მეცნიერები უახლოეს თვეებში მეტი დაზუსტებული ინფორმაციის გამოქვეყნებას ელიან. ამის იმედს იძლევა ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკება უკვე დასრულებული იაპონური გრავიტაციული ტალღების დეტექტორის KAGRA-ს მიერთებაზე LIGO/VIRGO კოლაბორაციასთან, რაც ამა წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი.
LIGO/VIRGO-ს დაკვირვებების მესამე სეზონის შედეგები რეგულარულად ქვეყნდება მისიის ვებ-გვერდზე: