
ჟურნალმა Light: Science & Applications, 2021 წლის 27 აპრილს გამოაქვეყნა ნოტინგჰემის უნივერსიტეტის მკვლევარების სტატია, სადაც ისინი იუწყებიან, რომ პირველად მოხერხდა ნანო-მასშტაბის ზონდის პროტოტიპის დამზადებ, რომელიც შეიძლება განთავსდეს თმის ღერის სისქის ოპტიკური ბოჭკოს წვერზე და შეიყვანილი იქნას ადამიანის სხეულში. მოწყობილობას შეუძლია ერთდროულად მოგვცეს უჯრედის ზომის ობიექტის 3D სივრცითი გამოსახულება და ინფორმაცია მის მექანიკურ თვისებებზე. გაზომვის ახალი სისტემა შედგება ორი ულტრა სწრაფი ლაზერისგან, რომლებიც აღაგზნებენ და აფიქსირებენ ოპტიკური ბოჭკოს წვერზე მოთავსებული ნანო-გადამცემის მაღალი სიხშირის ულტრაბგერებს (ფონონებს).

ჟურნალმა Science Advances, 2021 წლის 30 აპრილს გამოაქვეყნა როჩესტერის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარების სტატია, რომელშიც ისინი გვამცნობენ მინიატურული გამოსახულების შემქმნელი მოწყობილობის შექმნის შესახებ. მოწყობილობაში გამოყენებულია ნანო-ფოტონური ოპტიკური ელემენტები, რომელებიც დამზადებულია სპეციალურ ზედაპირზე, მაღალი ენერგიის ელექტრონების ნაკადით ლითოგრაფიის საშუალებით.

2021 წლის 28 აპრილს ჟურნალმა Nature გამოქვეყნა ჩიკაგოს და შანხაის უნივერსიტეტების მკვლევარების სტატია, რომლის თანახმადაც პირველად მოხერხდა ბოზე-აინშტაინის კონდენსატის მიღება მოლეკულური სისტემისთვის.

ლოს-ალამოსის არქივში ახლახან გამოჩნდა ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, რომ მარტორქის თანავარსკვლავედში მდებარე წითელი გიგანტის V723 Mon უხილავი კომპანიონი წარმოადგენს დედამიწასთან უახლოეს შავი ხვრელს. შეფასებების თანახმად, ამ ობიექტის აქვს დაახლოებით სამი მზის მასა, რაც მას ასევე აქცევს აქამდე აღმოჩენილ ყველაზე მსუბუქ შავ ხვრელად.

24 აპრილს ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ გამოაცხადა, რომ ჩინეთის პირველ მარსმავალს, რომელიც ამჟამად წითელი პლანეტის ორბიტაზე იმყოფება და მარსის ზედაპირზე მისი დასმა მაისში იგეგმება, ჩინური ცეცხლის ღვთაების სახელი ეწოდა.

NASA-ს მინი შვეულმფრენმა Ingenuity 25 აპრილის მარსზე მესამე საცდელი ფრენა განახორციელა. აპარატმა განავითარა უფრო დიდი სიჩქარე და დაფარა იმაზე მეტ მანძილი ვიდრე აქამდე, დედამიწაზე ჩატარებული ტესტირების დროსაც კი.

21 აპრილს NASA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მარსმავალ Persevarence-ზე განთავსებული ხელსაწყოთი MOXIE, მოხერხდა მარსის ატმოსფეროდან ჟანგბადის მიღება. ერთი საათის განმავლობაში ხელსაწყომ აწარმოა 5.4 გრამი მოლეკულური ჟანგბადი, რაც საკმარისია ადამიანის უზრუნველყოფისთვის 10 წუთის განმავლობაში.

Astrophysical Journal-მა დასაბეჭდად მიიღო ALMA–ს კლასტერების ლინზირების კვლევის ჯგუფის სტატია, სადაც მოთხრობილია, რომ გრავიტაციული ლინზირების ეფექტის გამოყენებით მათ აღმოაჩინეს ირმის ნახტომის მეასედის ზომის მბრუნავი გალაქტიკა ეპოქაში როდესაც სამყარო ასაკი მისი ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ 7%-ს შეადგენდა, რაც დღევანდლ წარმოდგენებთან თანხვედრაში არ მოდის.

ჟურნალმა Science Advances, 2021 წლის 16 აპრილს გამოაქვეყნა ამერიკელი ნეიროლოგების სტატია, სადაც ნაჩვენებია, რომ გრძელი არაკოდირებული რნმ-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეირონების ადაპტირება/ცვლილების უნარში.

გერმანიის აეროკოსმოსურმა სააგენტომ და გერმანიის ფედერალურმა ეკონომიკის და ენერგიის სამინისტრომ იულიუს და მაქსიმილიანის სახელობის ვიურცბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებს გამოუყო 2.6 მილიონი ევროს დაფინანსება კოსმოსური თანამგზავრის პროექტის შესაქმნელად, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებადი ხელოვნური ინტელექტით.