შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დასახელდა უახლოესი და უმცირესი შავი ხვრელის კანდიდატი
დასახელდა უახლოესი და უმცირესი შავი ხვრელის კანდიდატი

ჩვენ გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავური მასის ნეიტრონული ვარსკვლავების და შავი ხვრელების შესწავლა მნიშვნელოვანია ვარსკვლავების ევოლუციისა და მათი კოლაფსის მექანიზმების დაზუსტებისთვის. ამჟამად ცნობილი ასეთი ტიპის კომპაქტური ობიექტები ძირითად წარმოდგენილია პულსარებით, მაგნეტარებით ან ორმაგი სისტემებით, სადაც ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი აქტიურად ურთიერთქმედებს თავის კომპანიონთან. კომპაქტურ ობიექტებზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად კი საჭიროა აღმოჩენილი იქნან იზოლირებული და სუსტად ურთიერთქმედებ ორმაგ სისტემებში შემავალი შავი ხვრელები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გალაქტიკაში უნდა არსებობდეს ათასამდე „წყნარი“ შავი ხვრელი, მათი მოძებნა საკმაოდ რთულია და ჯერ-ჯერობით არც ისე ბევრი ასეთი ობიექტის კანდიდატია ნაპოვნი.

ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა Tharindu Jayasinghe-ს (ოჰაიოს უნივერსიტეტი) ხელმძღვანელობით გამოაცხადა დედამიწასთან უახლოესი შავი ხვრელის კანდიდატის დაფიქსირების შესახებ. აღმოჩენა გაკეთებული იქნა მარტორქის თანავარსკვლავედში, ჩვენგან 1,500 სინათლის წლით დაშორებულ წითელ გიგანტზე V723 Mon, კოსმოსური და დედამიწის ზედაპირზე განთავსებული ტელესკოპების დაკვირვებების მონაცემების ანალიზის საფუძველზე.

V723 Mon სისტემა აქამდე კლასიფიცირებული იყო როგორც დაბნელებული ორმაგი ვარსკვლავი, ხოლო იდეა მის სამმაგ ბუნებაზე არ დადასტურდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ V723 Mon გიგანტური ვარსკვლავის კომპანიონი შეიძლება იყოს მკრთალი მაგრამ საკმაოდ მასიური, ანუ იყოს კომპაქტური ობიექტი. ბნელი ობიექტის მასის შესაფასებლად ჩატარებული იქნა მოდელირება ხილული გიგანტის ნათობის მრუდისა და სხივური სიჩქარის ვარიაციის მონაცემების საფუძველზე. შედეგად V723 Mon-ის მასა შეფასდა მზის მასის, ხოლო მისი რადიუსი მზის 24.9 რადიუსის ტოლად. რაც შეეხება კომპანიონს, მისი მასა გამოვიდა 3.04±0.06 მზის მასა, რაც მეტია როგორც თეთრი ჯუჯისთვის დასაშვებ მასაზე (1.44 მზის მასა), ისე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე მძიმე ნეიტრონული ვარსკვლავის მასაზე (2.14 მზის მასა). ასე რომ, V723 Mon სისტემის დამზერილი თვისებების უმარტივესი ახსნა იქნებოდა გვევარაუდა, რომ წითელი გიგანტის პარტნიორია შუალედური მასის შავი ხვრელი, რომლის მასის მნიშვნელობა მდებარეობს ნეიტრონული ვარსკვლავების და მსუბუქი შავი ხვრელების მასის სიდიდეებს შორის. გარდა ამისა, ამ მოდელით შავი ხვრელი არ ახდენს კომპანიონის მასის აკრეციას, თუმცა მცირედით ამახინჯებს მის ფორმას გრავიტაციული მიზიდვის გამო.

მეცნიერების აზრით, ამ სისტემისთვის დასაშვებია ალტერნატული სცენარებიც, როგორებიცაა ნეიტრონული ვარსკვლავების, ან თეთრი ჯუჯა და ნეიტრონული ვარსკვლავის წყვილები. უფრო ზუსტი დასკვნების გასაკეთებლად საჭიროა სისტემაზე დაკვირვება სხვადასხვა ტალღის სიგრძის დიაპაზონში, მანამდე კი V723 Mon-ის ბნელი კომპანიონს მიენიჭა დედამიწასთან ყველაზე ახლო და ყველაზე მცირე შავი ხვრელის კანდიდატის სტატუსი.

წყარო:

https://thehill.c...th-call-it

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.