
კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს გველის მაგვარი წყალქვეშა რობოტი, რომელიც განკუთვნილია აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებისთვის. 2021 წლის მარტში უნივერსიტეტის აუზში მოხდა რობოტი-გველის პირველი გამოცდა.

ჟურნალში Science Advances 2021 წლის 9 აპრილს გამოქვეყნებულ სამხრეთ კორეელი მეცნიერების სტატიაში წარმოდგენილია ხელოვნური ნერვიული სისტემის მოდელი, სადაც მკვეთრად შემცირებულია გარე გაღიზიანებაზე გამოძახილის დროს. კვლევა მნიშვნელოვანია ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის ხელოვნური ორგანოების შექმნის საქმეში.

ჟურნალმა Science, 2021 წლის 9 აპრილს გამოაქვეყნა NICER კოლაბორაციის სტატია კიბორჩხალას ნისლეულის პულსარის რადიო აფეთქებების თანმხლები რენტგენის გამოსხივების ზრდის აღმოჩენის შესახებ. აღმოჩენა მიგვითითებს, რომ ამ აფეთქებებისას, რომელთაც გიგანტურ რადიო პულსებს უწოდებენ, გამოიყოფა გაცილებით მეტი ენერგია ვიდრე აქამდე ეგონათ.

ჟურნალმა Physical Review Letters 2021 წლის 7 აპრილს გამოაქვეყნა Muon g-2 კოლაბორაციის მიერ მიუონის ანომალური მაგნიტური მომენტის გაზომვის პირველი მონაცემები, რომლებიც თანხვედრაშია 2001 წელს ბრუქჰევენის ნაციონალური ლაბორატორიის ექსპერიმენტის შედეგებთან და ჯამში უჩვენებს 4,2σ გადახრას ნაწილაკების სტანდარტული მოდელიდან. ეს შეიძლება მიუთითებდეს ჯერ კიდევ უცნობი ნაწილაკების ან ურთიერთქმედებების არსებობაზე სამყაროში.

ჟურნალ Scientific Reports-ის 2021 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევა, რომელიც შეიძლება დაეხმაროს კვანტურ კომპიუტერებს გამოავლინოს თავიანთი ნამდვილი პოტენციალი.

2021 წლის 6 აპრილს NASA-ს ვებ-გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ კოსმოსური ტელესკოპის Hubble ფოტოზე აღმოჩენილი იქნა ყველაზე ძველი, ჩვენგან დაახლოებით 10 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული, კვაზარების ბინარული სისტემა, რომელიც დედამიწის ტელესკოპებისთვის ერთიან ობიექტად გამოიყურებოდა.

Journal of Geophysical Research: Space Physics-მა 2021 წლის 31 მარტს გამოაქვეყნა სტატია მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფის მიერ ურანიდან რენტგენის გამოსხივების პირველად აღმოჩენის შესახებ. ანალიზი ეყრდნობა NASA-ს კოსმოსური რენტგენული ტელესკოპის Chandra-ს პლანეტა ურანზე დაკვირვებების 3 სეანსის მონაცემების 2002 და 2017 წლებში. რენტგენის გამოსხივების წყაროდ მეცნიერები მიიჩნევენ დამუხტული ნაწილაკების დაჯახებებს ურანის რგოლებთან და პლანეტის პოლარულ ნათებებს.

ჟურნალ Nature-ის 2021 წლის მარტის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად CERN–ში არსებული ALPHA კოლაბორაციის ფიზიკოსებმა მოახერხეს მაგნიტურ ხაფანგში ჩაჭერილი ანტ-წყალბადის ატომების ლაზერით გაცივება. გაციება, ანუ ატომების კინეტიკური ენერგიის შემცირება, უნდა იწვევდეს ატომების გაზის სპექტრალური კონტურების შევიწროებას, რაც ნაჩვენები იქნა 1S-2S გადასვლებისთვის.

ჟურნალ Review of Scientific Instruments 2021 წლის მარტის ნომერში დაიბეჭდა იაპონელი მეცნიერების სტატია, სადაც ისინი გვთავაზობენ გაუმჯობესებულ ალგორითმს ატომურ-ძალური მიკროსკოპებისთვის. ახალი მეთოდი ტრადიციულთან შედარებით უფრო სწრაფი და ნაკლებად დამაზიანებელია, რაც მნიშვნელოვანია ბიოლოგიური ობიექტების შესწავლის საქმეში.

2021 წლის 22 მარტს არქივში გამოჩნდა CERN-ის LHCb კოლაბორაციის სტატია სადაც ავტორები ამტკიცებენ, რომ B-მეზონების დაშლებში ისინი დააკვირდნენ ნაწილაკების სტანდარტული მოდელიდან გადახრას, კერძოდ ლეპტონური არომატის უნივერსალურობის დარღვევას. შედეგები ასევე მოხსენებული იქნა 23 მარტს მორიონის 55-ე შეხვედრაზე, რომელიც წელს ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.