ნაწილაკების ფარული სექტორის იდეა შემოთავაზებული იქნა 2006 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერების მიერ კოსმოლოგიაში ფარული მატერიის პრობლემის გადასაჭრელად. ამ მოდელის თანახმად, ჩვენი სამყაროს ნაწილაკები, რომლებიც აღიწერება სტანდარტული მოდელით, მიეკუთვნება დაბალი ენერგიის სექტორს, ხოლო მაღალი ენერგიის რეგიონში არსებობენ ეგზოტიკური ნაწილაკები.
2023 წლის მარტის ნომერში ჟურნალმა Journal of High Energy Physics გამოაქვეყნა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის (IFJ PAN) მკვლევრების სტატია, სადაც შესწავლილია ჰიგსის ბოზონის დაშლები ფარულის სექტორის ნაწილაკებად, რაც არ დაფიქსირებულა დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მრავალი წლის ძიების მიუხედავად. მეცნიერებმა ჩაატარეს მომავლის ლეპტონურ კოლაიდერებზე (CLIC) ჰიგსის და Z’ ბოზონების ეგზოტიკური დაშლების კომპიუტერული სიმულაცია, სადაც შეიძლება გამოჩნდეს ფარულის სექტორის ნაწილაკების წვლილი.
ლეპტონური კომპაქტური ხაზოვანი კოლაიდერი (CLIC) არის მომავლის 11-50 კმ სიგრძის წრფივი ამაჩქარებლის კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონების და პოზიტრონების შეჯახებას 3 ტევ ენერგიებამდე. CLIC-ის აშენება იგეგმება ჟენევის მახლობლად CERN-ში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, დაახლოებით 2035 წელისთვის, როდესაც LHC დაასრულებს მუშაობას.
„ფარული სექტორის მოდელებში ჩვენ გვაქვს ნაწილაკების ორი ჯგუფი, რომლებიც გამოყოფილია ენერგეტიკული ბარიერით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება არსებობდეს ეგზოტიკური მასიური ნაწილაკები, რომლებმაც შეიძლება გადალახონ ეს ბარიერი სპეციფიკურ პირობებში. ნაწილაკი, როგორიცაა ჰიგსის ბოზონი ან ჰიპოთეტური Z’ ბოზონი, მოქმედებენ როგორც კომუნიკატორები ორივე სექტორის ნაწილაკებს შორის. ჰიგსის ბოზონი, ერთ-ერთი ყველაზე მასიური ნაწილაკი სტანდარტულ მოდელში არის ძალიან კარგი კანდიდატი ასეთი კომუნიკატორისთვის.“ - განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი Marcin Kucharczyk (IFJ PAN).
თუ პოლონელი მეცნიერების თეორია სწორი გამოდგა და მომავალის კოლაიდერებზე ის დადასტურდა, ეს იქნება გზა ფარული მატერიის მექანიზმის გასაგებად და ასევე ახალი ეგზოტიკური ნაწილაკების აღმოსაჩენად.
წყარო:
https://phys.org/...ation.html