იდეა, რომ დაბალი სიხშირის (ნანო ჰერცების რიგის) გრავიტაციული ტალღების ფონის აღმოჩენა შესაძლებელია ირმის ნახტომში არსებული ნეიტრონული ვარსკვლავის გამოყენებით, შემოთავაზებული იქნა ჯერ კიდევ 1970-იანი წლების ბოლოს. მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ დაიკვირვება გარკვეული კორელაცია მილი წამიანი პულსარებიდან გამოსხივებული რადიო აფეთქებების დედამიწამდე მოსვლის დროის მცირე ცვლილებებს შორის (რომელიც აღიწერება Hellings – Downs-ის მრუდით), რაც მიუთითებს გრავიტაციული ტალღების გავლაზე პულსარებსა და დამკვირვებლებს შორის. ამ მეთოდის რეალიზაცია ხდება დედამიწაზე განთავსებული რადიო-ტელესკოპების ქსელების გამოყენებით და მოითხოვს ხანგრძლივ დაკვირვებებს.
გრავიტაციული ტალღების ჩრდილო ამერიკული ნანო ჰერცული ობსერვატორიის (North American Nanohertz Observatory for Gravitational Waves, NANOGrav) ასტრონომთა ჯგუფმა 2023 წლის 29 ივნისს, ჟურნალ Astrophys. J. Lett.-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, გამოაცხადეს მუდმივი სტოქასტური სიგნალის აღმოჩენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღების ფონთან. ამისათვის მათ გააანალიზეს ირმის ნახტომის 67 რადიო პულსარზე 15 წლის დაკვირვების მონაცემები. აღმოჩენის სტატისტიკური სანდოობა არის 3.5 - 4 სიგმა. მეტრიკის დეფორმაციის სავარაუდო ამპლიტუდა (2.4 × 10-15) და გრავიტაციული ტალღური ფონის სპექტრი კარგად შეესაბამება ორმაგი სუპერმასიური (108-1010 მზის მასა) შავი ხვრელების გრავიტაციული სიგნალების მოდელებს. მეცნიერების აზრით ამ ფონში ასევე შეუძლიათ წვლილი შეიტანონ გრავიტაციული ტალღების სხვა წყაროებმა, როგორიცაა პირველადი შავი ხვრელები, კოსმოლოგიური ფაზური გადასვლები, ან კოსმოსური სიმები.
2015 წელს LIGO და Virgo დეტექტორებით უკვე აღმოჩენილი იყო უფრო მაღალი სიხშირის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც ჩნდებიან კატასტროფული მოვლენებისას, როგორიცაა ვარსკვლავური მასის შავი ხვრელების შერწყმა. ახალი აღმოჩენა კაცობრიობის მიერ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამყაროს გრავიტაციული ასტრონომიის მეთოდებით შესწავლის გზაზე.
წყარო:
https://www.washingtonpost.com/science/2023/06/28/gravitational-wave-background-nanograv/
https://www.nytimes.com/2023/06/28/science/astronomy-gravitational-waves-nanograv.html