სამედიცინო რობოტიზირებული პროტეზების დამზადებისთვის მეცნიერები ცდილობენ შექმნან მარტივი ხელოვნური ნერვული სისტემა, რომელსაც ადამიანისავით სინათლეზე რეაგირება შეუძლია. ამჟამად არსებული ხელოვნური ნერვული სისტემები გარე ზემოქმედებაზე ისევე რეაგირებენ, როგორც, მაგალითად ადამიანის თვალი სინათლეზე, ხელი სითბოზე, ან მუხლი მაგარ საგანზე. მათი ეს რეაქცია ავტომატურია, მაგრამ მეცნიერები მუშაობენ ხელოვნური ნეირონების ისეთ დაპროგრამებაზე, რომ მათ ‘გაცნობიერებულად’ შეეძლოთ პასუხი გარე გამღიზიანებლებზე.
ჟურნალში Science Advances 2021 წლის 9 აპრილს გამოქვეყნებულ სამხრეთ კორეელი მეცნიერების სტატიაში წარმოდგენილია ხელოვნური ნერვიული სისტემის გაუმჯობესებული მოდელი. სინათლის ელექტრულ სიგნალად გარდასაქმნელად სისტემა იყენებს ფოტო-დიოდს, მექანიკური კავშირების მისაბაძად - ტრანზისტორს, ტვინის და რობოტი-ხელის სიმულაციისთვის კი - ხელოვნურ ნეირონულ ქსელს. ფოტო-დიოდზე დაფიქსირებული სინათლის სიგნალი ტრანზისტორის გავლით მიდის ხელოვნურ ნეირონულ წრედამდე, აქედან კი ხდება რობოტი-ხელისთვის საპასუხო რეაქციის კარნახი.
მეცნიერები თავიანთ რობოტიზირებულ სისტემას ესვრიან ბურთს და აკვირდებიან ბურთის დასაჭერად რობოტი-ხელის თითების მოხრას იმის შესასწავლად, თუ როგორ აღიქვამს ხელოვნური ნერვული სისტემა მოძრაობას სინათლის მეშვეობით. აღმოჩნდა, რომ პროცესი მიმდინარეობს ჩვენს ტვინში გაღიზიანების რეგისტრაციის ანალოგიურად.
2018 წლიდან ამ პროექტზე მომუშავე მეცნიერებმა ხელოვნური ნეირონული სისტემის გაღიზიანებაზე რეაგირების დრო შეამცირეს 2.56 წამიდან 0.23 წამამდე. კვლევის მთავარი მიზანია ნევროლოგიური დაზიანების მქონე პაციენტების დახმარება, თუმცა მსგავსი ექსპერიმენტი გამოიყენეს ტარაკანის კიდურის მოძრაობის გასაკონტროლებლადაც. ხელოვნური სისტემების განვითარება რობოტების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებადობის გაზრდას ემსახურება. რობოტების ტექნოლოგიების კიდევ უფრო დახვეწით მომავალში შესაძლებელი გახდება არა მხოლოდ ადამიანების დამხმარე, არამედ დამოუკიდებლად მომუშავე მაღალი კლასის რობოტების შექმნა.
წყარო: