2025 წლის 23 ოქტომბერს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული რადიუმის მონოფტორიდის მოლეკულის სტრუქტურის ზუსტი ლაზერულ-სპექტროსკოპიული გაზომვები და შესაბამისი თეორიული გამოთვლები. მიღებული შედეგები შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სამყაროს ბარიონული ასიმეტრიის უკეთ გასაგებად, რადგან რადიუმის ატომს ასიმეტრიული (მსხლის ფორმის) ბირთვი აქვს, რაც შესაძლოა მეცნიერებს დაეხმაროს ფუნდამენტური სიმეტრიების დარღვევის მექანიზმების გამოვლენაში.
7 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ 2025 წლის ფიზიკის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი ფიზიკოსები: ჯონ კლარკი, მიშელ დევორე და ჯონ მარტინისი. პრემია მათ მიენიჭათ კვანტური მექანიკის ფუნდამენტური აღმოჩენებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კვანტური ტუნელირების ეფექტის შესწავლასთან მაკროსკოპულ ფიზიკურ სისტემებში.
2025 წლის 4 სექტემბერს ჟურნალმა Science გამოაქვეყნა Google DeepMind-ის კოლაბორაციის და გრავიტაციული ტალღების ლაბორატორია LIGO-ს ერთობლივი სტატია, რომელიც გვაუწყებს, რომ მათ ერთად შექმნეს ნეიროქსელი, რომელიც ამცირებს ხმაურს გრავიტაციული ტალღების დეტექტორში. ნეიროქსელის გაძლიერებით სწავლებამ უკვე შეძლო სარკეებში არსებული, სტაბილიზაციის სისტემით გამოწვეული ხმაურის ასჯერ შემცირება, რაც LIGO-ს საშუალებას მისცემს დააფიქსიროს ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის საწყისი ეტაპები, ასევე საშუალო ზომის შავი ხვრელების შერწყმა.
2025 წლის 5 ივნისს ჟურნალმა Communications Physics გამოაქვეყნა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია სადაც მოყვანილია კომპიუტერული სიმულაციის შედეგები, რომელიც აღწერს ძლიერი ლაზერული სხივებით კვანტური ვაკუუმიდან ფოტონის გაჩენას.
2025 წლის ივნისში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ასტრონომებმა გამოაქვეყნეს 2023-2024 წლებში ჩატარებული დაკვირვებების მონაცემები, მათ შორის გალაქტიკების კატალოგი და ინტერაქტიული ფოტოები.
2025 წლის 19 თებერვალს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მაიკროსოფტის კორპორაციასთან აფილირებულმა ჯგუფმა გამოაცხადა მსოფლიოში პირველი კვანტური ჩიპის - Majorana 1-ის შექმნის შესახებ.
The Planetary Science Journal-მა 2025 წლის 20 მაისს გამოაქვეყნა ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევრების სტატია, სადაც გაანალიზებულია სატურნის უდიდესი თანამგზავრის, ტიტანის ატმოსფეროს უცნაური ქცევა.
2025 წლის 16 აპრილს ჟურნალმა Nature გამოქვეყნა სტატია "აქსიონურ კვაზინაწილაკზე დაკვირვება ორგანზომილებიან MnBi₂Te₄-ში". კვლევაში მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი გვთავაზობს აქსიონების (ფარული მატერიის ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატი ნაწილაკების) ნახევარგამტარულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეტექტორის პროექტს.
2025 წლის 31 მარტს ლოს-ალამოსის არქივში გამოქვეყნებულ სტატიაში მოთხრობილია, რომ მეცნიერებმა პირველად შექმნეს 1970-იან წლებში შემოთავაზებული თეორიული კონცეფციის - „შავი ხვრელის ბომბის“ ლაბორატორიული ანალოგი.



