
2025 წლის ივნისში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) ასტრონომთა კოლაბორაციამ COSMOS-Web გამოაქვეყნა ცის გარკვეული ნაწილის დაკვირვებების პირველი ციკლის მონაცემები, მათ შორის გალაქტიკების კატალოგი და ინტერაქტიული ფოტოები.
პროგრამის ფარგლებში დაკვირვებები 2023-2024 წლებში დაახლოებით 255 საათს გრძელდებოდა ახლო და შუა ინფრაწითელ დიაპაზონებში NIRCam კამერის და MIRI ინსტრუმენტის გამოყენებით. მონაცემები მოიცავს ცის 0.54 კვადრატულ გრადუსს (დაახლოებით სავსე მთვარის სამი დისკის ფართობი). ცის ამ, ერთი შეხედვით, პატარა ნაწილში მეცნიერებმა თითქმის 800,000 გალაქტიკა აღმოაჩინეს 1-დან 11-მდე წითელი წანაცვლებით, მათ შორის ბევრი დიდი აფეთქების შემდეგ პირველი რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა.
კოსმოსის სიღრმეში დაკვირვებით, ასტრონომები ასევე იყურებიან წარსულში - რადგან ამ ადრეული გალაქტიკებიდან წამოსულ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად მილიარდობით წელი დასჭირდა. JWST ხედავს, თუ როგორ ჩამოყალიბდა პირველი გალაქტიკები და სტრუქტურები, რაც გვაძლევს ახალშობილი სამყაროს დანახვის საშუალებას.
COSMOS-Web კვლევის ერთ-ერთი ყველაზე გასაკვირი შედეგი ის არის, რომ JWST-მ ადრეულ სამყაროში დაახლოებით ათჯერ მეტი გალაქტიკა აღმოაჩინა, ვიდრე არსებული მოდელები პროგნოზირებდნენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გალაქტიკების ფორმირება უფრო ადრე და უფრო სწრაფად დაიწყო, ვიდრე გვეგონა. ზოგიერთ შემთხვევაში, ასტრონომებმა დიდი აფეთქებიდან მილიარდ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ არსებული სუპერმასიური შავი ხვრელებიც კი აღმოაჩინეს, რისი თანამედროვე თეორიებით ახსნაც რთულია. ამან შეიძლება მეცნიერები აიძულოს გადახედონ გაგებას ადრეული კოსმოსური ისტორიის შესახებ, მათ შორის, თუ რამდენად სწრაფად წარმოიქმნა გალაქტიკები, როგორ განვითარდა ვარსკვლავები და როგორ განაწილდა მატერია დიდი აფეთქებიდან მალევე. შედეგებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბნელი მატერიის, კოსმოსური ინფლაციისა და რეიონიზაციის ეპოქის შესახებ თეორიებზე.
წყარო:
www.rit.edu/news/cosmos-web-opens-window-universe-scientists-and-citizens