შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოქვეყნდა
შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

2019 წლის 10 აპრილს გამოქვეყნდა ქალწულის თანავარსკვლავედში მდებარე M87 გალაქტიკის ცენტრალური სუპერმასიური შავი ხვრელის ფოტოსურათი. გალაქტიკა M87 ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული, ხოლო მის ცენტრალური შავი ხვრელის მასა მზის მასას 6.5 მილიარდჯერ აღემატება.

შავი ხვრელის თვალით დანახვა შეუძლებელია, რადგან იგი შთანთქავს მისგან წამოსულ ნებისმიერ გამოსხივებას. მაგრამ ჩვენ საშუალება გვაქვს ვიხილოთ კონტური, რომელსაც ხვრელის მიერ წარმოქმნილი მანათობელი პლაზმის და მტვრის მასები ქმნიან. სურათზე ვხედავთ შავი ხვრელის გარშემო არსებული პლაზმის და მტვრის დიფერენციალურად მბრუნავი ნაკადის (აკრეციული დისკოს) ტოროიდალური ფორმის შიდა ნაწილს. ნივთიერება სწრაფად, რელატივისტურად ბრუნავს, მისი ტემპერატურა მილიონობით გრადუსს აღწევს და გავარვარებული პლაზმის ეს ნაკადი უკანასკნელ მანათობელ სიგნალს გვიგზავნის სანამ გაუჩინარდება შავ ხვრელში მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა.

მანათობელი ჰალოს ნამგლისებრი ფორმა განპირობებულია იმით, რომ მბრუნავი პლაზმის ნაწილაკები რომელთა სიჩქარე ჩვენკენაა მომართული უფრო მაღალი ენერგიის გამოსხივებით სიგნალს გვიგზავნიან ვიდრე ისინი, რომელთა სიჩქარე საწინააღმდეგოდაა მიმართული. ის ბნელი ჩრდილი კი რომელიც ამ ნამგლისებრი მანათობელი ჰალოს შიგნით მოჩანს არის სწორედ შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის სილუეტი. მის მიღმა გადასული ნივთიერების გამოსხივება უკვე ვეღარ ახერხებს შავი ხვრელის გრავიტაციული ველისგან თავდაღწევას და ჩვენამდე მოსვლას.

ეს ისტორიული მნიშვნელობის სურათი სპეციალური „მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის” (Event Horizon Telescope , EHT) პროგრამით იყო გადაღებული, რომელიც მოიცავს რვა რადიო ტელესკოპის ქსელს.

რადიო ტელესკოპების ეს სისტემა, ინტერფერენციულ რეჟიმში, 2017 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა წერტილებიდან აკვირდებოდა M87 გალაქტიკის ცენტრს. მიღებული მონაცემები და გამოსახულება ორი წლის განმავლობაში კომპიუტერული ანალიზისა და დამუშავების ეტაპს გადიოდა. ამ მეცნიერულ ექსპერიმენტში ორასზე მეტი მკვლევარი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 2019 წლის 10 აპრილის შედეგების პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე:

lnJi0Jy692w

EHT პროგრამა გვპირდება რომ მალე ასევე გამოაქვეყნებს მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარე ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის დამუშავებულ სურათსაც, რომელიც ასევე 2017 წლის აპრილში გადაიღეს.

წყარო:
https://www.spekt...hs/1638154

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.