ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ 2014 წლის მარტში, სამხრეთ პოლუსთან განთავსებული ობსერვატორია BICEP2-ის კოლაბორაციამ გამოაცხადა რელიქტური გრავიტაციული ტალღების (დიდი აფეთქების ექოს) შესაძლო აღმოჩენის შესახებ, ეყრდნობოდა რა რელიქტური მიკროტალღური გამოსხივების (CMB) პოლარიზაციულ სურათზე დამზერილ შესამჩნევ გრიგალურ სტრუქტურას (B-მოდა).
CMB-ის ფოტონები წარმოიშვნენ დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 300-400 ათასი წლის შემდეგ და მათი განაწილების არაერთგვაროვნება და პოლარიზაცია მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპების შესახებ. ცნობილია, რომ CMB-ის პოლარიზაციულ სურათზე B-მოდები შესაძლოა გაჩნდნენ რელიქტური ფოტონების გრავიტაციული ტალღებზე გაბნევის შედეგად. ასეთი ტალღების არსებობით კი თავის მხრივ დადასტურდებოდა გრავიტაციის კვანტური ბუნება და ადრეულ ეტაპებზე სამყაროს გაფართოების ინფლიაციური სცენარი.
BICEP2-ის მონაცემების გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში მეცნიერთა სხვა ჯგუფმა ივარაუდა, რომ BICEP2-ის დამზერილი ეფექტი გრავიტაციული ტალღების გარდა ჩვენ გალაქტიკაში გაბნეულ მტვერსაც შეეძლო გამოეწვია. ყველა ელოდებოდა BICEP2-ის შედეგების შედარებას კოსმოსური ტელესკოპი Planck (ევროპული კოსმოსური სააგენტო) მონაცენებთან შედარებას. Planck-ის პირველი მონაცემები CMB-ის ანიზოტროპიის შესახებ 2013 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, თუმცა მონაცემების ნაწილი ჯერაც დაუმუშავებელია. მეცნიერების მთავარი მოლოდინი დაკავშირებული იყო სწორედ CMB-ის პოლარიზაციის მონაცემებთან, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დიდი აფეთქებისას წარმოშობილ რელიქტური გრავიტაციული ტალღების კვალს.
2015 წლის იანვარში როგორც იქნა გამოქვეყნდა Planck-ის და BICEP2-ის ერთობლივი კვლევის შედეგები. კოლაბორაციამ ჩაატარა კომბინირებული მონაცემების ანალიზი გაზრდილი სიზუსტით ფოტონების სხვადასხვა სიხშირისთვის, მაშინ როცა BICEP2 ცას იკვლევდა მხოლოდ ერთი ტალღის სიგრძისთვის. შედეგებმა აჩვენა, რომ BICEP2-ის მიერ დამზერილი B-სიგნალის უდიდესი ნაწილი გამოწვეულია არა გრავიტაციული ტალღებით, არამდე ფოტონების სწორედ გალაქტიკურ მტვერზე გაბნევის გამო და გრავიტაციულ ტალღების სიგნალზე დაადგინეს ახალი ზედა ზღვარი.