კოსმოსური ტელესკოპი Planck (ევროპული კოსმოსური სააგენტო, ESA) გაშვებული იქნა 2009 წლის მაისში. მისიას სახელი მიენიჭა გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსის მაქს პლანკის საპატივცემულოდ. Planck განთავსდა დედამიწიდან 1.5 მილიონ კილომეტრში მდებარე, ეგრეთ წოდებულ ლაგრანჟის L2 წერტილში. ასეთ წერტილში გრავიტაციული და ცენტრიდანული აჩქარება ერთმანეთს აკომპენსირებს და აპარატს დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება შეინარჩუნოს თავისი მდებარეობა დედამიწა/მზე სისტემის მიმართ.
Planck-ის დეტექტორები განკუთვნილია მილიმეტრულ და სუბ-მილიმეტრულ დიაპაზონში მუშაობისთვის. ეს არჩევანი განპირობებულია მისიის ძირითადი ამოცანით - მიკროტალღური ფონური გამოსხივების (CMB) შესწავლა. CMB-ის ფოტონები წარმოიშვნენ დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 350-400 ათასი წლის შემდეგ. ამიტომ მათი განაწილების არაერთგვაროვნება და პოლარიზაცია მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპების შესახებ.
Planck-ის მისია არაა CMB-ის ანალიზის პირველი კოსმოსური პროექტი. ბოლო წლებში კოსმოლოგიის განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა წინამორბედი კოსმოსური ტელესკოპების COBE და WMAP (ორივე ამერიკის ნაციონალური კოსმოსური სააგენტო, NASA) მიერ მიღებულმა შედეგებმა. თუმცა Planck-ის ხელსაწყოები ბევრად მგრძნობიარეა, რაც სამყაროს პარამეტრების მნიშვნელოვანი დაზუსტების საშუალებას იძლევა.
ჩამოვთვალოთ Planck-ის 15-თვანი ‘მოღვაწეობის’ ძირითადი შედეგები:
- სამყაროს სრულ მასაში ჩვეულებრივი ნივთიერების წილის 4.8 % (WMAP-ის მონაცემები იყო 4.6 %).
- ბნელი მატერიის წილია - 25.4 % (22.7 %-ის ნაცვლად).
- ბნელი ენერგია შეადგენს სამყაროს 70 %-ს (73 %-ის ნაცვლად).
- ჰაბლის მუდმივის მნიშვნელობაა 68 კმ/წმ/მპს (კილომეტრი წამში ყოველი მეგაპარსეკისათვის). წინა მონაცემი იყო დაახლოებით 70 კმ/წმ/მპს.
- სამყაროს ასაკია 13.80 მილიარდი წელისადი (13.74 მილიარდი წლის ნაცვლად)
- დადასტურდა, რომ სამყაროში არსებობს მხოლოდ სამი ტიპის ნეიტრინო.
- მოიხსნა CMB-ის გაუსის განაწილებიდან შესაძლო გადახრის პრობლემა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძველი მონაცემებით თითქოს CMB-ის შედარებით ცივი და ცხელი არეების სპექტრს სხვადასხვა თვისებები გააჩნდათ.
- დადასტურდა ნაწილაკების პირველად პლაზმაში სიმკვრივის საწყისი არაერთგვაროვნების (რომლებმაც შემგომ გალაქტიკები წარმოშვეს) არათანაბარი განაწილება (ე.წ. სპექტრალური ინდექსი არის 0.96).
- 0.01 %-ის სიზუსტით დადასტურდა, რომ დიდ მასშტაბებზე სამყარო გეომეტრია ბრტყელია.
- დადასტურდა საქს-ვოლფეს ეფექტი, ანუ სამყაროში მატერიის არაერთგვაროვნებით გამოწვეული CMB-ის გრავიტაციული წითელი წანაცვლების არსებობა.
- შეივსო გალაქტიკური და გალაქტიკის გარეთ მყოფი მასიური ობიექტების კატალოგი.
Planck-ის მონაცემები არ იძლევა რაიმე სენსაციურ შედეგს, თუმცა ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც მისიის მუშაობა ჯერ არ დამთავრებულა და მონაცემების ნაწილიც ჯერ დაუმუშავებელია. მეცნიერების მთავარი მოლოდინი დაკავშირებულია CMB-ის პოლარიზაციის მონაცემებთან, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დიდი აფეთქებისას წარმოშობილ რელიქტური გრავიტაციული ტალღების კვალს.