2026 წლის 20 მარტს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ALICE კოლაბორაცია იუწყება, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერზე განხორციელებულ პროტონების ერთმანეთთან და ტყვიის ბირთვებთან შეჯახებებში მათ აღმოაჩინეს ახალი არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ მცირე სისტემებშიც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში წარმოიშვას კოლექტიურად მოძრავი კვარკებისა და გლუონების გარემო (კვარკ-გლუონური პლაზმა).
ჟურნალმა MNRAS Letters-მა, ირანში ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე, დასაბეჭდად მიიღო ირანელი მეცნიერების სტატია, რომელშიც შესწავლილია ჩვენს გალაქტიკაში ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაციების წარმოშობისა და ხანგრძლივობის შეზღუდვები, ფერმის პარადოქსის გათვალისწინებით. ავტორების აზრით, სიცოცხლისა და ინტელექტის წარმოშობის ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, დედამიწის მსგავსი პლანეტებზე უცხოპლანეტურ ცივილიზაციებთან კონტაქტის არარსებობა მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით 5000 წლამდე ზღუდავს.
2026 წლის 17 მარტს CERN-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ LHCb კოლაბორაციამ აღმოაჩინა ახალი, პროტონის მსგავსი ნაწილაკი, რომელიც შედგება ორი c კვარკისა და ერთი d კვარკისგან, ანუ პროტონის ორი u კვარკისგან განსხვავებით ორ მძიმე c კვარკს შეიცავს. ახლად აღმოჩენილი ნაწილაკის მასა ოთხჯერ მეტია პროტონის მასაზე.
ჟურნალმა Physical Review Letters-მა ახლახან დასაბეჭდად მიიღო ამერიკელი თეორეტიკოსი ფიზიკოსების სტატია, სადაც შემოთავაზებულია ჰაბლის მუდმივის — პარამეტრის, რომელიც აჩვენებს, რამდენად სწრაფად ფართოვდება სამყარო — უფრო ზუსტად განსაზღვრის ახალი მეთოდი. პირდაპირი დაკვირვებების ნაცვლად ავტორებმა გამოიყენეს გრავიტაციული ტალღების ფონის დაუფიქსირებლობა, რომელიც წესით უნდა წარმოიქმნას მილიონობით შავი ხვრელის შერწყმის შედეგად. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა გამოირიცხოს ჰაბლის პარამეტრის ძალიან დაბალი მნიშვნელობები, რაც მეცნიერებს ე. წ. ჰაბლის დაძაბულობის გადაჭრას აახლოებს.
2026 წლის 25 იანვარს ლოს-ალამოსის სამეცნიერო ნაშრომების არქივში ჩაიდო სტატია, რომელიც გვთავაზობს ერთ-ერთი კოსმოლოგიური პრობლემის, ე. წ. ჰაბლის დაძაბულობის, ახალ ახსნას. ეს ახსნა უკავშირდება კვანტური ინფორმაციის შესაძლო დეფიციტს ხილული სამყაროს საზღვარზე.
2025 წლის 23 ოქტომბერს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული რადიუმის მონოფტორიდის მოლეკულის სტრუქტურის ზუსტი ლაზერულ-სპექტროსკოპიული გაზომვები და შესაბამისი თეორიული გამოთვლები. მიღებული შედეგები შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სამყაროს ბარიონული ასიმეტრიის უკეთ გასაგებად, რადგან რადიუმის ატომს ასიმეტრიული (მსხლის ფორმის) ბირთვი აქვს, რაც შესაძლოა მეცნიერებს დაეხმაროს ფუნდამენტური სიმეტრიების დარღვევის მექანიზმების გამოვლენაში.
7 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ 2025 წლის ფიზიკის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი ფიზიკოსები: ჯონ კლარკი, მიშელ დევორე და ჯონ მარტინისი. პრემია მათ მიენიჭათ კვანტური მექანიკის ფუნდამენტური აღმოჩენებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კვანტური ტუნელირების ეფექტის შესწავლასთან მაკროსკოპულ ფიზიკურ სისტემებში.
2025 წლის 4 სექტემბერს ჟურნალმა Science გამოაქვეყნა Google DeepMind-ის კოლაბორაციის და გრავიტაციული ტალღების ლაბორატორია LIGO-ს ერთობლივი სტატია, რომელიც გვაუწყებს, რომ მათ ერთად შექმნეს ნეიროქსელი, რომელიც ამცირებს ხმაურს გრავიტაციული ტალღების დეტექტორში. ნეიროქსელის გაძლიერებით სწავლებამ უკვე შეძლო სარკეებში არსებული, სტაბილიზაციის სისტემით გამოწვეული ხმაურის ასჯერ შემცირება, რაც LIGO-ს საშუალებას მისცემს დააფიქსიროს ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის საწყისი ეტაპები, ასევე საშუალო ზომის შავი ხვრელების შერწყმა.
2025 წლის 5 ივნისს ჟურნალმა Communications Physics გამოაქვეყნა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია სადაც მოყვანილია კომპიუტერული სიმულაციის შედეგები, რომელიც აღწერს ძლიერი ლაზერული სხივებით კვანტური ვაკუუმიდან ფოტონის გაჩენას.



