შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 314
ბოლო წევრი: mariam pheikrishvili

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

რამდენ ხანს არსებობენ ცივილიზაციები?
რამდენ ხანს არსებობენ ცივილიზაციები?

დაახლოებით 75 წლის წინ ენრიკო ფერმიმ დასვა დამაინტრიგებელი კითხვა, რომელიც ფერმის პარადოქსის სახელითაა ცნობილი: თუ ინტელექტუალური სიცოცხლე და განვითარებული ცივილიზაციები ჩვენს გალაქტიკაში არსებობენ, რატომ არ შეგვხვედრია მათი არსებობის რაიმე მტკიცებულება?

სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა. მხოლოდ ჩვენი გალაქტიკა ასობით მილიარდ ვარსკვლავს შეიცავს, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილსაც პლანეტები აქვს. ამ პლანეტებიდან ბევრის ორბიტა თხევადი წყლის არსებობისთვის საჭირო ტემპერატურულ დიაპაზონში მდებარეობს. ნებისმიერი გონივრული გათვლით, სიცოცხლე მრავალჯერ და მრავალ ადგილას უნდა წარმოშობილიყო — თანაც, ჩვენი პლანეტის ჩამოყალიბებამდე ბევრად ადრე. თუმცა, დღემდე არ გვაქვს არც ერთი სიგნალი, არც უკუკავშირი და საერთოდ არანაირი მტკიცებულება გონიერი ცივილიზაციების არსებობის შესახებ.

ჟურნალმა MNRAS Letters-ში, ირანში ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე, დასაბეჭდად მიღებულ სტატიაში, თეირანის შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორმა ფიზიკოსმა ამ საკითხს ახალი კუთხით შეხედა. ნაცვლად იმისა, რომ ეკითხათ, რატომ ვერ ვიპოვეთ სხვა ცივილიზაციები, მათ დასვეს კითხვა: რას გვეუბნება თავად ეს „სიჩუმე“? შედეგად მათ მიიღეს მათემატიკური ზღვარი, რომელიც მიუთითებს, თუ სავარაუდოდ რამდენ ხანს შეიძლება არსებობდნენ ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაციები.

მათ გააანალიზეს ტექნოლოგიურად გონიერი ცივილიზაციების წარმოშობისა და ხანგრძლივობის შეზღუდვები ფერმის პარადოქსის კონტექსტში. ანალიზი აჩვენებს, რომ თუ გონიერი სიცოცხლე ფართოდ არის გავრცელებული, ტექნოლოგიური ცივილიზაციები შედარებით ხანმოკლე უნდა იყოს და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, დაახლოებით 5000 წლით შემოიფარგლება.

ელექტრომაგნიტური კომუნიკაციის გათვალისწინებით, ჩვენი ამჟამინდელი „სინათლის კონუსი“ მოიცავს გალაქტიკის ბოლო დაახლოებით 100,000-წლიან ისტორიას, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კითხვას — რატომ არ ვხედავთ სიგნალებს, თუ ხანგრძლივი ცივილიზაციები მართლაც არსებობენ? ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს შედეგები უნდა განიმარტოს როგორც ფერმის პარადოქსიდან გამომდინარე ზედა ზღვარი და არა როგორც სიცოცხლის რეალური ხანგრძლივობის ზუსტი პროგნოზი.

მკვლევრებმა გამოიყენეს 1965 წელს შემოთავაზებული დრეიკის ცნობილი განტოლება გონიერი ცივილიზაციების რაოდენობის შესაფასებლად:

N = NEH × fL × fI × fT × L / Ls

სადაც სიცოცხლის (fL), გონიერების (fI) და ტექნოლოგიის (fT) წარმოშობის ალბათობები გააერთიანეს ერთ ცვლადში f და მიიღეს გამარტივებული ფორმა:

N = NEH × f × L / Ls

ამ განტოლებაში დედამიწის ტიპის დასახლებული პლანეტების რაოდენობა გალაქტიკაში (NEH) შეფასებულია დაახლოებით 10⁶-ით. ვარსკვლავის სიცოცხლის ხანგრძლივობა (Ls), რომელიც ხელს უწყობს სიცოცხლის შენარჩუნებას, აღებულია დაახლოებით 5 მილიარდი წლის ტოლი. ტექნოლოგიური ცივილიზაციის სიცოცხლის ხანგრძლივობა (L) კი წარმოდგენილია როგორც 10ⁿ.

შედეგად, გონიერი ცივილიზაციების რაოდენობა შეფასდა ასე:

N ≃ (f / 5) × 10(n − 3)

ზედა ზღვრის დასადგენად ავტორებმა გამოიყენეს ოპტიმისტური დაშვება f = 1, რაც ნიშნავს, რომ გონიერი სიცოცხლე ყველა შესაბამის პლანეტაზე ვითარდება. ამ შემთხვევაში ფორმულა მარტივდება:

N ≈ (1 / 5) × 10(n − 3)

აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს სამყაროს „სიჩუმე“. რადგან ჩვენ არ გვაქვს კონტაქტი სხვა ცივილიზაციებთან, ვარაუდი, რომ ამჟამად გალაქტიკაში მარტონი ვართ, გვაძლევს პირობას: N ≤ 1. ამ პირობის გამოყენებით მიიღება n ≈ 3.7, რაც ნიშნავს, რომ ცივილიზაციის სიცოცხლის ხანგრძლივობა (L = 10ⁿ წელი) დაახლოებით 5000 წელია.

ამრიგად, ავტორები ასკვნიან, რომ ფერმის პარადოქსის პირობებში, თუ გონიერი სიცოცხლე მართლაც ფართოდ არის გავრცელებული, ტექნოლოგიური ცივილიზაციები, სავარაუდოდ, ხანმოკლეა — მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 5000 წლით შემოიფარგლება.

წყარო:

phys.org/news/2026-03-civilizations.html#google_vignette

academic.oup.com/mnras/advance-article/doi/10.1093/mnras/stag405/8499605?searchresult=1


კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.