ბოლო წლებში იუპიტერის შესახებ ინფორმაციას ძირითადად გვაწვდის NASA-ს კოსმოსური ზონდი Juno (Jupiter Polar Orbiter). ზონდი გაშვებული იქნა 2011 წელს, 2016 წლის იგი მიუახლოვდა იუპიტერს და დაიწყო გიგანტური პლანეტის და მისი მთვარეების შესანიშნავი ფოტოების გამოგზავნა. მაგალითად, 2021 წელს გამოქვეყნდა იუპიტერის პოლუსების გარშემო დამზერილი პოლარული ციალის ე. წ. აისის გრიგალების (dawn storms) გამოსახულებები. საინტერესოა ასევე 2023 წელს გამოქვეყნებული იუპიტერის ერთ-ერთ მთვარე Io-ზე მდებარე გოგირდის დიოქსიდით მდიდარი ვულკანური დაბლობის გამოსახულება სახელწოდებით „კოლხეთის დაბლობი“. 2024 წლის 23 ოქტომბერს დასრულდა Juno-ს იუპიტერთან 66-ე დაახლოება და დედამიწაზე გამოიგზავნა სურათების უახლესი პარტია. ფოტოზე დეტალურად ჩანს იუპიტერის ატმოსფეროს ზედაპირის რთული სტრუქტურა, მათ შორის ფერადი ზოლები და გრიგალები.
საინტერესოა, რომ მისიას არ ჰყავს ცალკე პერსონალი გამოგზავნილი სურათების დასამუშავებლად. ამ პროცესს ენთუზიასტების ჯგუფი ახორციელებს. Juno-ს ყველა ფოტო შეგიძლიათ იხილოთ მისიის ვებ-გვერდზე. სურათები გადაღებულია ზონდზე განთავსებული 2 მეგაპიქსელიანი JunoCam-ით. კამერის გარდა, ზონდის აღჭურვილობა მოიცავს მაგნიტომეტრს იუპიტერის მაგნიტური ველის გასაზომად, მიკროტალღურ რადიომეტრს პლანეტის ატმოსფეროში წყლისა და ამიაკის რაოდენობის შესაფასებლად და სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც გაზური გიგანტის შესწავლის საშუალებას იძლევა.
Juno-ს შემდეგი დაახლოება იუპიტერთან მოსალოდნელია 25 ნოემბერს. თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის ნაცვლად, Juno-ს მისია დასრულდება 2025 წლის 15 სექტემბერს, ზონდის ჩაძირვით იუპიტერის ატმოსფეროში, რათა აღმოიფხვრას მის პოტენციურად ცოცხალი ორგანიზმების შემცველ მთვარეებთან შეჯახების და დედამიწის ფლორით დაბინძურების შესაძლებლობა.
Juno-ს მალე ჩაანაცვლებს ორი მისია, რომლებიც ძირითადად მიზნად ისახავენ იუპიტერის მთვარეების შესწავლას. ესენი არიან ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდი JUICE (გაუშვეს 2023 წლის აპრილში, იუპიტერის სიტემას 2031 წელს მიაღწევს) და NASA-ს Europa Clipper (2024 წლის ოქტომბერში გაუშვეს, იუპიტერს 2030 წლისთვის მიუახლოვდება).
წყარო: