ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად, იპოვა მტკიცებულება იმისა, რომ მარსის ზედაპირზე წყალი თხევად მდგომარეობაში დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ გაქრა, იმაზე გვიან ვიდრე აქამდე ეგონათ. მარსის ზედაპირიდან წყლის აორთქლების პერიოდი ცნობილია, როგორც ამაზონიას ეპოქა. ჟურნალ Science Advances-ში 11 მაისს გამოქვეყნებულ ნაშრომში მოცემულია მარსის ზედაპირზე ჩინური მარსმავალის Zhurong-ის მიერ ნაპოვნ ჰიდრატირებულ მინერალებში არსებული ყინულის ანალიზის მონაცემები.
ჩინური როვერი Zhurong (祝融, ცეცხლის ღვთაება ჩინურ ფოლკლორში) მარსზე 2021 წლის 14 მაისს დაეშვა. გასული ერთი წლის განმავლობაში თავისი ორი სპექტრომეტრის საშუალებით როვერი სწავლობს მარსის ზედაპირზე არსებულ მინერალებს. Zhurong-ზე არსებული ლაზერით ხდება ქანების დასხივება და წარმოქმნილი ორთქლის ანალიზი. ასევე მიმდინარეობს ქანების სურათების გადაღება მიკრო-ვიზუალიზაციის კამერის გამოყენებით. მკვლევარები ადარებენ მარსზე აღმოჩენილ და დედამიწაზე არსებულ ქანებს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს წყლით მდიდარ - ჰიდრატირებულ მინერალებს. მათ ასევე აღმოაჩინეს მარსის ნიადაგის ისეთი ფენები, რომელთა ფორმირებისთვისაც საჭიროა დიდი ოდენობის წყლის ამოდინება ზედაპირის ქვემოდან, ან დიდი რაოდენობით ყინულის დნობა.
მკვლევარების აზრით, მათ მიერ შესწავლილი ჰიდრატირებული მინერალები რომ ჩამოყალიბებულიყო, თხევადი წყლის ეპოქა მარსზე უფრო ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო ვიდრე აქამდე გვეგონა. ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ ზედაპირზე ჰიდრატირებული ქანები მიგვანიშნებს ნიადაგის ქვეშ ყინულის არსებობაზე. თუ ეს ასეა, მომავალ ასტრონავტებს შეეძლებათ გამოიყენონ იგი სხვადასხვა მიზნებისთვის.
ახალი მონაცემები ეთანხმება სხვა კვლევების შედეგებს, რომ წარსულში მარსის ზედაპირზე არა მხოლოდ მდგომარე წყალი იყო, არამედ ის მიედინებოდა და აქანდაკებდა უსწორმასწორო კალაპოტებს მარსულ კლდეებში.