ცნობილია, რომ პლანეტა ნეპტუნი თავდაპირველად თეორიულად აღმოაჩინეს. 1820 წელს პარიზის ობსერვატორიის დირექტორმა ა. ბოვარდმა შეამჩნია პლანეტა ურანის ორბიტის ანომალია, ურანი ზოგჯერ უსწრებდა თავის ნაწინასწარმეტყველევ პოზიციას, ხან კი ჩამორჩებოდა მას. 1840 წელს ივარაუდეს, რომ ამის მიზეზი იყო უფრო შორს მდებარე პლანეტა, რომელიც იწვევდა ურანის ორბიტის შეშფოთებას. 1846 წელს მართლაც აღმოაჩინეს ნეპტუნი.
ამ მოვლენის შემდეგ მრავალი მეცნიერი ცდილობდა პლანეტების ორბიტების შესწავლით მიეგნოთ უცნობი ციური სხეულებისთვის მზის სისტემაში. ყველაზე ცნობილი მაგალითია ასტრონომ პ. ლოუველის მიერ XX საუკუნის დასაწყისში პლანეტა X-ის ჰიპოთეზა, რათა აეხსნათ ურანის და ნეპტუნის ორბიტების ანომალიები. როცა 1930 წელს ლოუველის ობსერვატორიამ აღმოაჩინა პლუტონი, იგი გააიგივეს პლანეტა X-თან. თუმცა ეხლა ცნობილია, რომ პლუტონის მასა ნაწინასწარმეტყველები პლანეტა X-ის მასის მხოლოდ 0.03 %-ს შეადგენს. 1989 წელს Voyager 2-მა ჩაუფრინა გიგანტურ პლანეტებს და ახალი გამოთვლებით ორბიტების ანომალია არ დადასტურდა, რამაც გამორიცხა შიდა მზის სიტემაში პლანეტა X-ის არსებობა.
ბოლო წლებში ასტრონომებმა დაიწყეს გარე მზის სისტემის უფრო და უფრო მეტი ობიექტის აღმოჩენა. ეს სხეულები ქმნიან ე. წ. კოიპერის სარტყელს, რომლის ზოგიერთი ობიექტის მასა პლუტონის მასასაც კი აჭარბებს. კოიპერის სარტყელის ობიექტების ორბიტებმა კვლავ აჩვენა ანომალია, რამაც ააღორძინა პლანეტა X-ის ჰიპოთეზა და გაჩნდა ვერსია მასიური მე-9 პლანეტის არსებობის შესახებ გარე მზის სისტემაში.
მზის სისტემის ეკლიპტიკის ჩრდილოეთ პულუსიდან დაკვირვებისას (იხ. სურათი) ჩანს, რომ გარე მზის სიტემის თითქმის ყველა სტაბილური ორბიტის მქონე ობიექტი ერტად ჯგუფდება. გარდა ამისა ეკლიპტიკის მიმართ ორბიტები დახრილია ერთი მიმართულებით. სურათზე ეს ნაჩვენებია ორბიტების აღმნიშვნელი ხაზების სისქით. თხელი და მკრთალი ხაზები გვიჩვენებს ორბიტის იმ ნაწილს რომელიც მდებარეობს ეკლიპტიკის მეორე მხარეს. ყვითელი ელიფსი აღნიშნავს მე-9 პლანეტის ყველაზე სავარაუდო ორბიტას. სწორედ მასიური მე-9 პლანეტის ასეთ ექსცენტრულ ორბიტაზე არსებობამ შეიძლება ახსნას დამზერილი გარე მზის სიტემის ობიექტების ორბიტების პოპულაცია.
დაკვირვებებისა და გამოთვლების შედეგად დაადგინეს, რომ მე-9 პლანეტა მიახლოებით არის დედამიწაზე 6-ჯერ მძიმე, გადახრილია ეკლეპტიკის მიმართ 20 გრადუსზე ოდნავ ნაკლებით და მისი ორბიტა 400-ჯერ შორსაა მზისგან, ვიდრე დედამიწის. სტატისტიკური ანალიზი ამტკიცებს, რომ მე-9 პლანეტა უნდა მოიძებნოს, მაგრამ დიდი მანძილის გამო ის იქნება მკრთალი. თუმცა იმედია, რომ არა ძალიან მკრთალი თანამედროვე გიგანტური ტელესკოპებისთვის.
ლიტერატურა:
Physics Today https://physicsto...3u5TyhHuew