გრანადას უნივერსიტეტის (ესპანეთი) ასტრონომებმა დეტალურად შეისწავლეს დედამიწიდან 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე კვაზარის Q2237+0305 (ცნობილი როგორც "აინშტაინის ჯვარი") შიდა რეგიონების სტრუქტურა. ეს არის უკიდურესად მცირე კუთხური ზომის მქონე ობიექტებთან დაკავშირებული აქამდე არსებული ყველაზე ზუსტი კვლევა. მაღალი სიზუსტის მიღწევა მოხერხდა ასტროფიზიკული ფენომენის - გრავიაციული მიკროლინზირების დახმარებით, რომელსაც იწვევენ ჩვენსა და კვაზარს შორის მყოფი ვარსკვლევები. სწორედ გრავიტაციული მიკრონლინზირების გამო ვხედავთ Q2237+0305-ის შიდა რეგიონს უფრო გადიდებულად, რაც შესაძლებეს ხდის მის კვლევას.
კვაზარების შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით. ისინი არიან გარეგალაქტიკური ობიექტები, რომლებიც გამოირჩევიან ძალიან მაღალი ნათებით. კვაზარები წარმოადგენენ გალაქტიკების ჩანასახებს, რომლებშიც ცხელი მატერიისაგან შემდგარი აკრეციული დისკოები მაღალი სიჩქარით ბრუნავენ სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო, რომელთა მასა მილიარდობით მზის მასას უტოლდება. კვაზარების ზომა დაახლოებით მზის სიტემის დიამეტრის ტოლია, თუმცა თითქმის მთელი გალაქტიკის ენერგიის რიგის გამოსხივებით ხასითდებიან. კვაზარები იმდენად შორსაა ჩვენგან, რომ ხშირად ძნელია მათი განსხვავება წერტილოვანი წყაროებისაგან - ვარსკვლავებისაგან. ამიტომ მათი კვლევა ჩვეულებრივ შემთხვევაში შეუძლებელია.
Q2237+0305-ის სიკაშკაშის ცვლილებაზე დაკვირვებიას ესპანელი ასტრონომები ახდენდნენ OGLE (ოპტიკური გრავიტაციული ლინზირების ექსპერიმენტი) და GLITP (გრავიტაციული ლინზირების საერთაშორისო პროექტი) ექსპერიმენტების ფარგლებში მიღებული სურათების საშუალებით. ეს ექსპერიმენტები Q2237+0305-ის შესაბამისად აკვირდებოდნენ 12 წლის და 9 თვის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ 500 დან მხოლოდ 1 კვაზარის შემთხვევაში აქვს ადგილი გრავიტაციულ მიკროლინზირებას. შესაბამისად იმფორმაცია რომელიც Q2237+0305-ის კვლევისას იქნა მიღებული უმნიშვნელოვანესია, ხოლო თვით კვაზარების გამოკვლევა დაგვეხმარება პასუხები გავცეთ კითხვებს რომლებიც გალაქტიკების ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან დაკავშირებით არსებობს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მომავალში მიკროლინზირების ეფექტზე დაყრდნობით ათასობით კვაზარზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი, მაგალითად დიდი სინოპტიკური ტელესკოპის საშუალებიტ, რომლის მთავარი სარკის დიამეტრი 8.4 მეტრი იქნება, იგი ჩილეს ანდებში 2022 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას.