როდესაც სუპი თბება, ის იწყებს დუღილს. ხოლო როდესაც დრო-სივრცე თბება, მაშინ შეიძლება წარმოიქმნას გაფართოებადი სამყარო ყოვლეგვარი "დიდიაფეთქების" გარეშე. ასეთი ფაზური გადასვლა ცარიელი სივრციდან მასის შემცველ გაფართოებად სამყაროში მათემატიკურად აღიწერეს ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა, რომელთაც ეხმარებოდნენ კოლეგები ჰარვარდიდან, MIT-დან და ედინბურგიდან. იდეა ემყარება ე. წ. AdS-CFT შესაბამისობის მოდელს, რომელიც აკავშირებს კვანტურ ველის თეორიასა და აინშტაინის ფარდობითობის თეორიას.
AdS-CFT შესაბამისობის მოდელს თანახმად, რომელიც 1997 წელს იქნა შემოთავაზებული, კვანტური ველის თეორიის სიდიდეები შეიძლება ‘ითარგმნოს’ გრავიტაციის თეორიის ენაზე და პირიქით. ასეთი გადასვლებისას ველის კვანტური თეორია ყოველთვის განიხილება ერთი განზომილებით ნაკლებ სივრცეში ვიდრე გრავიტაცია. ამ ფაქტს უწოდებენ ჰოლოგრაფიულ პრინციპს. ისევე როგორც 2-განზომილებიანი ჰოლოგრაფიული სურათი მნახველს 3-განზომილებიან ობიექტს აჩვენებს, კვანტურ ველის თეორიას, დაწერილს რაიმე სფეროს ზედაპირზე, შეუძლია აღწეროს ფიზიკური სიტუაცია სფეროს მთელ მოცულობაში.
აქამდე ჰოლოგრაფიული მიდგომისას გრავიტაციული გამოთვლები ტარდებოდა მხოლოდ სპეციალური ეგზოტიკური გეომეტრიის გამოყენებით, ე. წ. ანტი დე სიტერის სივრცეებში. ახალ კვლევებში კი ჰოლოგრაფიული პრინციპი გამოიყენეს ჩვეულებრივი ბრტყელი სივრცისთვის, ოღონდ ბრუნვის დამატებით.
ყველასთვის ცნობილია ფაზური გადასვლები მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს შორის. 1983 წელს სტივენ ჰოკინგმა და დონ პეიჯმა წამოაყენეს იდეა, რომ ფაზური გადასვლა შესაძლოა განიცადოს სივრცე-დრომაც. მათ ივარაუდეს, რომ გარკვეულ ტემპერატურაზე ცარიელი სივრცე შესაძლოა გარდაიქმნას შავ ხვრელად. ცნობილია, რომ ველის კვანტურ თეორიაშიც აქვს ადგილი ფაზურ გადასვლებს. ასე, რომ თუ არსებობს ჰოლოგრაფიული კავშირი, მაშინ ფაზური გადასვლები ექნება გრავიტაციასაც. რადგან ახალი მოდელი ჰოლოგრაფიას იყენებს ბრტყელი სივრცისთვის გამოდის, რომ არსებობს კრიტიკული ტემპერატურა, რომელზეც ცარიელი, ბრტყელი სივრცე-დრო შეიძლება გარდაიქმნას გაფართოებად სამყაროდ მთელი მასში არსებული მატერიით. მოდელის თანახმა, ეს რომ მოხდეს საჭიროა სამყარო მცირედ მაინც ბრუნავდეს. დასაწყისისთვის მკვლევარებმა მხოლოდ ორი სივრცითი განზომილება გაითვალისწინეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივე არ იქმნება ჭეშმარიტი სამგანზომილებიანი სივრცისთვის.