
ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპი (ACT), მდებარეობს 5,190 მეტრის სიმაღლეზე, ატაკამის უდაბნოში, ჩილეს ანდების ჩრდილოეთით. ACT ფუნქციონირებდა 2007-2022 წლებში აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით და მისი ძირითადი ფუნქცია იყო კოსმოსური რელიქტური ფონის (CMB) დეტალური ანალიზი.
ამერიკის ფიზიკური საზოგადოების ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 2025 წლის 16-21 მარტს ანაჰაემში (კალიფორნია) გაიმართა, ACT კოლაბორაციამ წარადგინა თავიანთი მონაცემების მეექვსე (DR6) საბოლოო ანალიზის შედეგები, რომელიც უკვე გამოქვეყნდა პრეპრინტის სახით და გაიგზავნა ჟურნალში Journal of Cosmology and Astroparticle Physics.
CMB წარმოადგენს პირველ სინათლეს, რომელიც გამოსხივდა 13 მილიარდზე მეტი ხნის წინ, მაშინ როცა სამყარო ასაკი მხოლოდ 380,000 წელი იყო. ACT კოლაბორაციის მიერ წარმოდგენილი CMB-ის ახალი ფოტოები დაახლოებით 5-ჯერ უფრო მაღალი გარჩევადობისაა, ვიდრე 2013 წელს გამოქვეყნებული Planck (ESA) კოსმოსური ტელესკოპის წარმოქმნილი სურათები. ისინი საშუალებას გვაძლევენ უფრო ზუსტად შევისწავლოთ სამყარო ყველაზე ადრეულ პერიოდში. ნარინჯისფერი და ლურჯი წერტილები სურათებზე აღნიშნავს მიკროტალღური გამოსხივების განსხვავებულ ინტენსივობას და გვიჩვენებს პირველადი გაზის სიმკვრივის მცირე ცვალებადობას. მილიონობით წლის განმავლობაში, ოდნავ უფრო მკვრივი რეგიონები იზრდებოდა გრავიტაციის გავლენის ქვეშ და ქმნიდა ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს, რომელსაც დღეს ვხედავთ სამყაროში.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ალტერნატიული კოსმოლოგიური მოდელების შესწავლა, რომლებიც ცდილობენ ახსნან ბოლო წლებში წარმოქმნილი უთანხმოება ჰაბლის მუდმივის სიდიდესთან და სამყაროს გაფართოების სიჩქარესთან დაკავშირებით. CMB-დან მიღებული მონაცემები აჩვენებდა სამყაროს გაფართოების სიჩქარეს 67-68 კილომეტრ წამში მეგაპარსეკზე, ხოლო ახლომდებარე გალაქტიკების მოძრაობიდან მიღებული გაზომვები ჰაბლის მუდმივისათვის გვაძლევს 73-74 კმ/წმ/მგპარსეკზე. ახლი მონაცემებით, ACT-ის გუნდმა დაადასტურა ჰაბლის მუდმივის დაბალი მნიშვნელობა გაზრდილი სიზუსტით, რაც თანხვედრაშია სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელთან და გამორიცხავს ზოგიერთ ალტერნატიულ მიდგომას.
ACT-მა დაასრულა თავისი დაკვირვებები 2022 წელს, ახლა ის უნდა შეცვალოს უფრო თანამედროვე Simons Observatory-მ. ახალი ობსერვატორია იქვე მდებარეობს და პირველი დაკვირვებების სეანსი მისი ძირითადი ინსტრუმენტის მეშვეობით 2025 წლის მარტში განხორციელდა.