
ასტრონომთა ჯგუფმა ტაივანიდან, კანადიდან, აშშ-დან და საფრანგეთიდან, კანადა საფრანგეთის ჰავაის ტელესკოპის (CFHT) გამოყენებით აღმოაჩინეს სატურნის 128 ახალი მთვარე და მათი საერთო რაოდენობა 274-მდე გაზარდეს. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტების ცენტრმა ეს აღმოჩენა 2025 წლის 11 მარტს დაადასტურა. კვლევის წინასწარი შედეგები მარტში გამოქვეყნდა Research Notes of the American Astronomical Society პლატფორმაზე და გაიგზავნა ჟურნალში Planetary Science Journal.
თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით ბოლო დრომდე ლიდერად იუპიტერი ითვლებოდა, მაგრამ CFHT ჯგუფის ახალმა აღმოჩენამ იგი ჩაანაცვლა ამ პოზიციიდან. ამჟამად სატურნის დადასტურებული თანამგზავრების რაოდენობა თითქმის ორჯერ აჭარბებს მზის სისტემის ყველა სხვა პლანეტის მთვარეების რიცხვს ჯამურად. მეცნიერებმა 2019-2021 წლების დაკვირვებებით თავდაპირველად 64 ახალი თანამგზავრი აღმოაჩინეს, მაგრამ 2023 წლისთვის ეს რიცხვი 128-მდე გაზარდა.
ყველა აღმოჩენილი თანამგზავრი მიეკუთვნება არარეგულარული მთვარეების კატეგორიას. მათი უმეტესობა მოძრაობს გაწელილ, რეტროგრადულ ორბიტებზე და სავარაუდოდ დატყვევებული ობიექტებია, რომლებიც სატურნის გრავიტაციამ მოიზიდა. მათი მცირე ზომა (დიამეტრი რამდენიმე კილომეტრი) და არასიმეტრიული ფორმა მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უფრო დიდი მთვარეების ფრაგმენტებია, რომლებიც დაიშალნენ სხვა მთვარეებთან ან კომეტებთან შეჯახებების შედეგად ბოლო 100 მილიონი წლის განმავლობაში.
ახალი მთვარეების აღმოჩენა მნიშვნელოვანია სატურნის სისტემის ევოლუციის შესასწავლად. მთვარეები მჭიდრო კავშირშია სატურნის რგოლებთან. ზოგიერთი მათგანი, რომლებსაც „მწყემს მთვარეებს“ უწოდებენ, აყალიბებენ რგოლების სტრუქტურას. ასტრონომები ფიქრობენ, რომ შესაძლოა რგოლები საერთოდ მთვარეების ნარჩენები იყოს, რომლებიც ძალიან მიუახლოვდნენ სატურნს და მისი გრავიტაციით დაიშალნენ.
რაც შეეხება ახალი მთვარეების დასახელებას, ისინი ამჟამად დანომრილია რიცხვებითა და ასოებით, თუმცა საბოლოოდ მიიღებენ სახელებს. მეცნიერები აპირებენ მიყვნენ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც სატურნის მთვარეებს სკანდინავიური, გალიური და კანადელი ინუიტების ღმერთების სახელებს არქმევენ. ახალი მთვარეების უმეტესობა სკანდინავიურ დასახელების მთვარეების გროვაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტრონომები ალბათ მათთვის ვიკინგების ღმერთების სახელებს აარჩევენ.
მიუხედავად ცნობილი თანამგზავრების სიის მნიშვნელოვანი გაფართოებისა, მეცნიერები თვლიან, რომ მათ მიაღწიეს არსებული მეთოდების შესაძლებლობების ზღვარს. შესაძლოა ახალი ტექნოლოგიები გახდეს საჭირო სახვა შორეული პლანეტების, როგორიცაა ურანი და ნეპტუნი, მთვარეების შესწავლისთვის. გარდა ამისა, არარეგულარული თანამგზავრების მზარდი რაოდენობის აღმოჩენა აძლიერებს კამათს ასტრონომებს შორის იმის შესახებ, თუ რა ტიპის ობიექტი უნდა ჩაითვალოს პლანეტის მთვარედ.
წყარო: