25 ივნისს, 14:07 საათზე (თბილისის დროით 09:07), ჩინური ზონდი „ჩანგე - 6“ (嫦娥六号) წინასწარ განსაზღვრულ ადგილას (შიდა მონღოლეთის ტერიტორიაზე, ჩინეთის ჩრდილოეთით) დაეშვა. მან მთვარის უკანა, დედამიწიდან უხილავი მხრიდან პირველად ჩამოიტანა ნიადაგის და ქანების ნიმუშები.
მთვარის უკანა მხარე ცუდადაა შესწავლილი და საინტერესო კვლევის ობიექტია, რადგან დედამიწიდან ხილულ მხარესთან შედარებით მისი ზედაპირი ნაკლებად არის მოსწორებული უძველესი ლავის ნაკადებით. ეს ნიშნავს, რომ იქ მოპოვებული მასალები შეიძლება დაგვეხმაროს უკეთ გავიგოთ, თუ როგორ წარმოიქმნა და როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში მთვარე.
„ჩანგე - 6“-ს მისია დაიწყო 2024 წლის 3 მაისს, როდესაც ზონდი გაუშვეს ჩინეთის კოსმოსური ცენტრიდან, რომელიც განთავსებულია ჰაინანის კუნძულოვან პროვინციაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მისიის დასაშვები მოდული და მობილური კამერის როვერი მთვარის უკანა მხარეს, სამხრეთი პოლუსის საიახლოვეს არსებულ აიტკენის აუზში დაეშვა 1 ივნისს. ზონდმა გამოიყენა საბურღი და რობოტიზირებული მკლავი ნიმუშების მოსაპოვებლად, გადაიღო რამდენიმე კადრი და ნიადაგში ჩაარჭო ბაზალტისგან დამზადებული ჩინეთის დროშა. შემდეგ ნიმუშებიანი კაფსულა მოთავსდა ასაფრენ მოდულზე, რომელიც მთვარის ორბიტაზე გავიდა 3 ივნისს. 6 ივნისს მოხდა ნიმუშების შემცველი კონტეინერის გადატანა მთვარის ორბიტაზე მოძრავ ზონდში, რომელიც დედამიწისკენ გამოემართა და წარმატებით დაეშვა დედამიწაზე გაფრენიდან 53 დღის შემდეგ. პარალელურად, მთვარეზე დარჩენილი დასაშვები აპარატი და მინი-როვერი აგრძელებდნენ სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარებას.
დედამიწაზე ჩამოტანილი ქანების საერთო მასამ 2 კილოგრამამდე შეადგინა. ახლა კონტეინერი გაიხსნება ლაბორატორიაში, რის შემდეგაც რეგოლითი დახარისხდება შესანახად. ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ მოგვიანებით ჩინეთი გადასცემს მთვარის ნიადაგის ნიმუშების ნაწილს სხვა ქვეყნებს კვლევისთვის.
“ჩანგე-6“ არ არის მთვარის ნიმუშების ტრანსპორტირების პირველი წარმატებული მისია. საბჭოთა კავშირს, აშშ-ს და ჩინეთს უკვე აქვთ ჩამოტანილი ნიადაგის ნიმუშები დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრიდან. მაგრამ ყველა წინა მისიამ ნიმუშები შეაგროვა მთვარის ხილულ მხარეს. ახლახან, “ჩანგე-5“-ის მიერ 2020 წელს მთვარის ხილული მხარის შეგროვებულ რეგოლითის ნიმუშებში აღმოაჩინეს ბუნებრივი რამდენიმე ფენის გრაფინი, რაც მიგვანიშნებს მთვარის რთულ ევოლუციაზე და ეჭვქვეშ აყენებს დომინანტურ თეორიას მისი წარმოშობის შესახებ დედამიწიდან ამოტყორცნილი ქანებისგან.
გასული ათწლეულის განმავლობაში ჩინეთმა უზარმაზარი რესურსები ჩადო თავის კოსმოსურ პროგრამაში, რათა კონკურენცია გაეწია აშშ-სა და რუსეთისათვის. მან ააშენა საკუთარი კოსმოსური სადგური, დასვა რობოტები მარსზე და მთვარეზე და გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც ასტრონავტები ორბიტაზე გაგზავნა. ჩინეთი მიზნად ისახავს 2030 წლისთვის მთვარეზე ეკიპაჟის დასმას და გეგმავს საბოლოოდ მთვარის ზედაპირზე მუდმივი ბაზის აშენებას, ამერიკული არტემისის პროგრამის პარალელურად.
წყარო:
https://phys.org/news/2024-06-china-lunar-probe-earth-samples.html