4 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ 2022 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში მიენიჭათ ალენ ასპეს (Alain Aspect), ჯონ კლაუზერს (John F. Clauser) და ანტონ ცეილინგერს (Anton Zeilinger). სამივე ლაურეატის კვლევა დაკავშირებულია გადახლართული კვანტური ნაწილაკების შესწავლასა და ბელის უტოლობების დარღვევასთან. ეს უტოლობები შემოგვთავაზა ჯონ ბელმა 1960-იან წლებში, რათა შეემოწმებინა არის თუ არა ფარული პარამეტრები კვანტურ მექანიკურ სისტემებში. თუ ეს უტოლობები შესრულებულია, მაშინ სისტემაში არის გარკვეული ფარული პარამეტრი და სრულდება ლოკალური რეალიზმის ჰიპოთეზა - ანუ კვანტური ობიექტები რეალურად არსებობენ და გავლენას ახდენენ მხოლოდ მათთან მიზეზობრივად დაკავშირებულ გარემოზე.
პირველი, ვინც ბელის იდეები დაამუშავა და უტოლობების შესამოწმებლად ექსპერიმენტი შემოგვთავაზა, იყო ამერიკელი მეცნიერი ჯონ კლაუზერი (JF Clauser & Associates, აშშ). მან შეძლო ექსპერიმენტულად დაემტკიცებინა, რომ ბელის უტოლობები დარღვეულია, ანუ კვანტურ მექანიკაში არ არსებობს ფარული ცვლადები.
ფრანგმა ფიზიკოსმა ალენ ასპემ (Université Paris-Saclay, და École Polytechnique, საფრანგეთი) გამოიყენა კლაუზერის მიდგომა და დარწმუნდა, რომ საწყისი პირობები, რომლებშიც ექსპერიმენტისთვის საჭირო გადახლართული ფოტონების წყვილი გამოიყოფა, გავლენას არ მოახდენდა გაზომვის შედეგზე. მან შეძლო გაზომვის პარამეტრების შეცვლა მას შემდეგ, რაც ფოტონების გადახლართული წყვილი ტოვებდა წყარო, რაც ამტკიცებდა, რომ ურთიერთქმედებას, რომელიც არსებობდა წყვილების გამოსხივების დროს, არ შეეძლო გავლენა მოეხდინა შედეგზე. ასპემ ასევე გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი, სადაც დაამტკიცა, რომ ბელი უტოლობა ნამდვილად ირღვევა.
ავსტრიელი ფიზიკოსი ანტონ ცეილინგერი (University of Vienna, ავსტრია) სწავლობდა ჩახლართული წყვილების გამოყენების შესაძლებლობებს სხვადასხვა აპლიკაციებში. მისმა სამეცნიერო ჯგუფმა აჩვენა ფენომენი, რომელსაც ეწოდება კვანტური ტელეპორტაცია, რაც საშუალებას იძლევა კვანტურ მდგომარეობა გადატანილი იქნას დიდ მანძილებზე.
ლაურეატები ჯილდოებს მიიღებენ ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება.
წყარო:
https://www.nobelprize.org/prizes/physics/2022/press-release/