შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

James Webb-მა გადაიღო ნეპტუნი და მისი რგოლები
James Webb-მა გადაიღო ნეპტუნი და მისი რგოლები

ნეპტუნი, რომელიც ურანთან ერთად ყინულის გიგანტებს მიეკუთვნება, არის ყველაზე შორეული პლანეტა (პლუტონის პლანეტების კატეგორიიდან გამორიცხვის შემდეგ) და მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ცუდად შესწავლილი ობიექტი. ხელოვნური თანამგზავრებიდან მასთან ახლოს მხოლოდ NASA-ს Voyager 2-მა ჩაიარა 1989 წელს. ყველა სხვა დაკვირვება ნეპტუნზე და მის თანამგზავრებზე ხორციელდებოდა დედამიწის ზედაპირზე არსებული ან მის ორბიტაზე განთავსებული ტელესკოპების გამოყენებით.

2022 წლის სექტემბერში ნეპტუნი გახდა კოსმოსური ტელესკოპის James Webb (NASA) დაკვირვების სამიზნე, რომელმაც NIRCam კამერის გამოყენებით მიიღო პლანეტის სურათები ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში. სურათზე კარგად ჩანს თხელი მტვრის რგოლები, რომელიც ნეპტუნს არტყია გარშემო. ასევე შესამჩნევია შორეული გალაქტიკები, ირმის ნახტომის ორი ვარსკვლავი და ნეპტუნის 14 თანამგზავრიდან 7 (ტრიტონი, გალათეა, ნაიადა, თალასა, დესპოინა, პროტეუსი და ლარისა). ნეპტუნის მთვარეებიდან ყველაზე კაშკაშაა მისი უდიდესი თანამგზავრი ტრიტონი, რომლის ყინულოვანი ზედაპირი კარგად ირეკლავს სინათლეს. ეს სხეული საინტერესოა პლანეტოლოგებისათვის კრიო-ვულკანიზმის თვალსაზრისით. ტრიტონი თავდაპირველად შეიძლება ყოფილიყო კოიპერის სარტყლის ობიექტი, რომელიც გრავიტაციულად ჩაჭერილი იქნა ნეპტუნის მიერ შორეულ წარსულში.

სურათებში ნეპტუნს არ აქვს ჩვეულებრივი ლურჯი ფერი, თანაც ის შედარებით მუქად ჩანს. ეს გამოწვეულია ატმოსფერული მეთანის მიერ ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში რადიაციის ძლიერი შთანთქმით. გამონაკლისია მხოლოდ გაყინული მეთანის ღრუბლები ატმოსფეროს ზედა ფენებში, რომლებიც კარგად ირეკლავენ სინათლეს. ყინულოვანი გიგანტის სამხრეთ პოლუსთან ასევე შესამჩნევია ღრუბლების ჯგუფით გარშემორტყმული გრიგალი, რომელიც პირველად აღმოაჩინეს. გარდა ამისა, მეცნიერებმა შენიშნეს თხელი ნათელი ხაზი ნეპტუნის ეკვატორთან, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ატმოსფეროს გლობალურ ცირკულაციებთან.

წყარო:

https://webbtelescope.org/contents/news-releases/2022/news-2022-046.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.