ჟურნალ Nature-ს აპრილის ნომერში გამოქვეყნდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომლებმაც Hubble-ის (NASA) კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების დახმარებით აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი სწრაფად მზრდი შავი ხვრელი. მეცნიერების აზრით, ეს უნიკალური ობიექტი არის დამაკავშირებელი რგოლი ახალგაზრდა გალაქტიკებისა და ყველაზე ადრეულ სუპერმასიურ შავ ხვრელებს შორის.
ობიექტს. რომელიც GNz7q სახელითაა ცნობილი, მიაგნეს ცის ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ უბანში, სახელად Great Observatories Origins Deep Survey-North (GOODS-North). Hubble-მ მას ულტრაიისფერი და ინფრაწითელი გამოსხივების წყაროს სახით მიაგნო. ეს რადიაცია არა გალაქტიკების, არამედ შავი ხვრელის მიერ მატერიის შთანთქმისას გამოყოფილს ჰგავს. Hubble-ს საარქივო მონაცემები დაეხმარა მეცნიერებს დაედგინათ რომ GNz7q უკვე არსებობდა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 750 მილიონი წლის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ეს ობიექტი, წითელი წანაცვლებით 7.7, არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შავი ხვრელი სამყაროში. თანაც GNz7q სწრაფად მზარდია. სწრაფად მზრდი შავი ხვრელების შესახებ აქამდე მხოლოდ თეორიები და კომპიუტერული სიმულაციები მოგვეპოვებოდა, ახლა კი ასტრონომები ამის რეალურ ნიმუშს პირველად დააკვირდნენ.
„ჩვენი ანალიზი ვარაუდობს, რომ GNz7q არის სწრაფად მზრდი შავი ხვრელის პირველი მაგალითი მტვრით მდიდარ გალაქტიკურ ბირთვში ადრეული ვარსკვლავ-წარმოქმნის ეპოქაში. თანაც იგი სამყაროში ყველაზე ძველი ჩვენთვის ცნობილ ზემასიური შავ ხვრელია“-განმარტავს სტატიის ერთ-ერთი ავტორი Seiji Fujimoto (ნილს ბორის ინსტიტუტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი). „ობიექტის თვისებები ელექტრო-მაგნიტური სპექტრში შესანიშნავ თანხვედრაშია თეორიული სიმულაციების პროგნოზებთან.“
თანამედროვე ასტრონომიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა თუ როგორ წარმოიშვნენ მილიონობით ან მილიარდობით მზის მასის მქონე სუპერმასიური შავი ხვრელები და როგორ მიაღწიეს მათ სეთ მასებს დროის შედარებით მცირე დიაპაზონში.
თანამედროვე თეორიები ვარაუდობენ, რომ სუპერმასიური შავი ხვრელი იწყებენ ჩამოყალიბებას ვარსკვლავების წარმომქმნელი გალაქტიკების მტვრით მდიდარ ბირთვში. შემდეგ ისინი შთანთქავენ გარშემო არსებულ გაზებსა და მტვერს და გადაიქცევიან სიკაშკაშით გამორჩეულ კვაზარებად. მიუხედავად იმისა რომ მტვრით მდიდარი გალაქტიკები ვარსკვლავ-წარმოქმნით და კაშკაშა კვაზარები არიან საკმაოდ იშვიათი, ისინი მაინც დააფიქსირეს ადრეულ სამყაროში.
GNz7q შეიძლება იყო დამაკავშირებელი რგოლი ობიექტთა ამ ორ კლასს შორის. იგი წარმოადგენს შავ ხვრელს აქტიური ვარსკვლავ-წარმომქმნელი მტვრით მდიდარი გალაქტიკის დამახასიათებელი სპექტრით, ან შეიძლება იყოს კვაზარი. ასევე GNz7q-ს აკლია სხვადასხვა თვისებები რომლებიც ჩვეულებრივ ჩანს ტიპიურ, ძლიერ მანათობელ კვაზარებში, რომლებიც აიხსნება იმით რომ ცენტრალური შავი ხვრელი ჯერ კიდევ არის ახალგაზრდა, რაც ზუსტად ემთხვევა სიმულაციებს ახალგაზრდა გარდამავალი კვაზარებისთვის.
"GNz7q გვიჩვენებს პირდაპირ კავშირს ამ ორ იშვიათ პოპულაციას შორის და გვთავაზობს ახალ გზას სამყაროს ადრეულ ეტაპებზე სუპერმასიური შავი ხვრელების სწრაფი ზრდის ასახსნელად," - ამბობს Seiji Fujimoto "ჩვენი აღმოჩენა გვაძლევს მაგალითს იმ სუპერმასიური შავი ხვრელების წინამორბედების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით შემდგომ ეპოქებში."
ზოგადად, მასიური შავი ხვრელის აკრეციული დისკო ძალიან კაშკაშა უნდა იყოს როგორც ულტრაიისფერ, ასევე რენტგენის სპექტრში. მაგრამ GNz7q-ს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა რომ ჯგუფმა აღმოაჩინა ულტრაიისფერი გამოსხივება Hubble-ის მეშვეობით, რენტგენის გამოსხივება არ დაფიქსირდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აკრეციული დისკოს ბირთვი, სადაც რენტგენის სხივები წარმოიქმნება, ჯერ კიდევ დაფარულია, ხოლო აკრეციული დისკის ნაწილი, საიდანაც ულტრაიისფერი გამოსხივება წარმოიქნება, უკვე დამზერადია. ეს მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ GNz7q არის სწრაფად მზარდი შავი ხვრელი, რომელიც ჯერ კიდევ დაფარულია იმ გალაქტიკის ბირთვის მტვრით სადაც ის მდებარეობს.
"GNz7q უნიკალური აღმოჩენაა, რომელიც იპოვეს ცნობილი, უკვე კარგად შესწავლილი ცის უბნის ცენტრში - ეს გვიჩვენებს, რომ დიდი აღმოჩენები ხშირად შეიძლება ჩვენს თვალწინ იმალებოდნენ", - ამბობს სტატიის კიდევ ერთი ავტორი Gabriel Brammer (ნილს ბორის ინსტიტუტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი).
წყარო: