თერმობირთვული სინთეზი წარმოადგენს უზარმაზარი რაოდენობის ენერგიის მოპოვების წყაროს. მზეზე მიმდინარე თერმობირთვული სინთეზით წყალბადი გარდაიქმნება ჰელიუმად და შედეგად განთავისუფლდება ენერგიის დიდი რაოდენობა, რომლის მცირე ნაწილი აღწევს ჩვენამდე ელექტრო-მაგნიტური გამოსხივების სახით.
ადამიანის მიერ შექმნილი თერმობირთვული სინთეზის რეაქტორები გამოიმუშავებენ „სუფთა“ ენერგიას, რომელიც არ ავნებს გარემოს, რაც ძალიან მოთხოვნადია დღევანდელ მსოფლიოში. ინჟინრებმა შექმნეს ტორის ფორმის რეაქტორები (ტოკამაკები) რომლებშიც წყალბადის იზოტოპები, დეიტერიუმი და ტრიტიუმი, ცხელდება 100 მილიონ გრადუსზე მაღალ ტემპერატურებამდე და ქმნიან პლაზმის ღრუბლებს. მაგნიტური ველებით ხდება ამ ღრუბლების შეკუმშვა და შეკავება ისეთი დროის განმავლობაში, რომ მოხდეს ატომების შერწყმა, რაც იწვევს ენერგიის გამოყოფას.
ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ჩინეთის თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტულმა რეაქტორმა The Experimental Advanced Superconducting Tokamak (EAST)-მა შეძლო პლაზმის შენარჩუნება 120 მლნ °C-ზე 101 წამის განმავლობაში და, ასევე ღრუბლის შენარჩუნება 160 მლნ °C-ზე 20 წამის განმავლობაში. ხოლო ახლახან გავრცელებული ცნობების თანახმად, 2021 წლის დეკემბერის ბოლოს დაფიქსირდა რეკორდული დრო: 70 მლნ °C-მდე გაცხელებული პლაზმა შეინარჩუნეს 1,056 წამის განმავლობაში (17 წუთი და 36 წამი), რაც საგრძნობლად დიდი ნაბიჯია თერმობირთვული ენერგიის გამოყენების მიმართულებით.
EAST-ის ტოროიდული შიდა კამერა დაფარულია სითბოს მიმართ ყველაზე მდგრადი მასალებით (ვოლფრამისა და ნახშირბადის ჩათვლით). პლაზმას აკავებენ კამერის ცენტრში ძლიერი მაგნიტური ველების საშუალებით. ეს უზარმაზარი ტემპერატურა მიიღწევა რეაქტორის ცენტრალურ ნაწილში, მცირე მოცულობაში მთელ კამერასთან შედარებით, ამიტომაც გამოყოფილი ენერგია სწრაფად იფანტება და ვერ აზიანებს კედლებს.
ხაზი უნდა გავუსვათ მნიშვნელოვან საკითხს. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული ელექტრონების ტემპერატურა იზომებოდა თუ მძიმე იონების, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითისთვის პლაზმაში 70 მლნ °C ელექტრონების ტემპერატურას შეესაბამება 35 მლნ °C იონების ტემპერატურა.
წყაროები:
http://english.ip...95485.html
https://www.china...7e947.html
https://newatlas....ma-record/
https://new-scien...ya-zerkal/
https://marketres...7-minutes/
https://3dnews.ru...h-17-minut