2022 წლის 4 მარტს, თბილისის დროით 4:25 საათზე, მთვარეც დაიბომბა მიტოვებული რაკეტის ნაწილით. შეჯახება მოხდა საღამოს 5:55 საათზე ჰერცშპრუნგის (Hertzsprung) კრატერში, რომელიც მთვარის ე. წ. ბნელ მხარეს (ანუ მუდმივად დედამიწის საპირისპიროდ მოქცეულ მხარეს) მდებარეობს. გერმანიის საჰაერო კოსმოსური ცენტრის (DLR) მონაცემებით, რაკეტა დაახლოებით 4 ტონას იწონიდა და მთვარეს 9,300 კილომეტრი საათში სიჩქარით შეეჯახა. რაკეტის სიჩქარე, ტრაექტორია და დარტყმის დრო დედამიწაზე განთავსებული ტელესკოპებით ჩატარებული დაკვირვებებით გამოთვალეს. საინტერესოა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "მიწიერი ტექნოლოგიის ნაწილი უნებლიეთ შეეჯახა სხვა ციურ სხეულს", წერს DLR.
შეჯახებამდე სააგენტომ სურათიც კი გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი. ასტრონომებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ეს ადგილი იქნებოდა ჰერცშპრუნგის კრატერი, რომლის სიგანე 500 კილომეტრია. შედეგად ჰერცშპრუნგის კრატერის ჩრდილოეთ ნაწილში 10-20 მეტრის სიგანის კრატერი უნდა წარმოქმნილიყო. DLR გვარწმუნებს, რომ ეს შეჯახება დედამიწას საფრთხეს არ უქმნის, რადგან მთვარემ წარსულში უკვე გაუძლო ბევრად უფრო ძლიერ დარტყმებს.
მთვარეზე ჩამოვარდნილი რაკეტის იდენტიფიცირება დებატების საგანი გახდა, რადგან კოსმოსური ნაგვის აღრიცხვასა და მონიტორინგს ოფიციალურად არც ერთი უწყება არ ახდენს. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ რაკეტა SpaceX-ის Falcon 9-ს ნაწილი იყო, თუმცა ასევე გაჩნდა მოსაზრება, რომ ის 2014 წელს ჩინეთის მიერ გაშვებული Chang’e 5-T1-ის მესამე ფაზის ძრავი იყო. მიუხედავად ამისა, რაკეტის წარმომავლობა უცნობია, რადგან ჩინეთმა უარყო მისი საკუთრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა თავის განცხადებაში თქვა: „ჩინეთის მონიტორინგის მიხედვით, Chang’e 5-T1 უსაფრთხოდ ჩავარდა დედამიწის ატმოსფეროში და მთლიანად დაიწვა“. მეორეს მხრივ, ასტეროიდების მკვლევარმა ბილ გრეიმ, რომელმაც პირველად შეამჩნია რაკეტა, თქვა: „99.9%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის Chang’e 5-T1“, და დასძინა, რომ ჩინეთი ერთმანეთში ურევს ერთნაირი სახელის მქონე ორ მისიას.
მთვარეზე რაკეტის დაცემისას წარმოქმნილი კრატერის გადაღებას მომავალში NASA-ს Lunar Reconnaissance Orbiter-ს და ინდოეთის Chamdrayaan-2-ს შეეძლებათ.
წყარო: