გრავიტაციული ტალღების არსებობა ნაწინასწარმეტყველები იქნა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, თუმცა მათი პირველად დაფიქსირება მხოლოდ 2015 წელს მოხერხდა. გასული 6 წლის განმალობაში დადასტურებული იქნა ათობით სიგნალი, ახლახან გამოქვეყნებული კატალოგის (GWTC-3) თანახმად კი, დაკვირვებათა მე-3 სეზონის (O3) შემდეგ, მათი რიცხვი კიდევ 35-ით გაიზარდა და 90-ს მიაღწია. ახალი კატალოგის გარდა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ასევე 2 სტატია. აღსანიშნავია, რომ O3 დაკვირვებათა სეზონის ბოლოს, LIGO და Virgo დეტექტორებს დაემატათ კიდევ ერთი გრავიტაციული ტალღების დეტექტორი - იაპონური KAGRA.
დაკვირვებათა ბოლო, მე-3 სეზონის მონაცემების თანახმად, რომელიც შეწყდა 2020 წლის 27 მარტს COVID-19 პანდემიის გამო, სიგნალების უმრავლესობა გამოსხივდა შავი ხვრელების შერწყმისას. თუმცა ახალი კატალოგი რამდენიმე სიურპრიზს გვთავაზობს, როგორებიცაა შავი ხვრელის და უცნაურ ნეიტრონულ ვარსკვლავის და ძალიან მასიური შავი ხვრელების შერწყმა.
მაგალითად, სიგნალი GW191219_163120 ინტერპრეტირებულია როგორც 32 მზის მასის მქონე შავი ხვრელის მიერ 1.7 მზის მასის მქონე, აქამდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე მსუბუქი, ნეიტრონული ვარსკვლავის ჩაყლაპვა.
კიდევ ერთი შემთხვევა, GW200210_092254, ადრე აღმოჩენილი GW190814 სიგნალის მსგავსად, შეესაბამება შავი ხვრელის შეჯახებას 2.8 მზის მასის მქონე ობიექტთან, რომელიც წარმოადგენს ან ძალიან მასიურ ნეიტრონულ ვარსკვლავს, ან ძალიან მსუბუქ შავ ხვრელს. ახლანდელი წარმოდგენებით ნეიტრონული ვარსკვლავების მასის ზედა ზღვარად ითვლება 2.1 მზის მასა, ხოლო შავი ხვრელების მასის ქვედა ზღვარი დაახლოებით 5 მზის მასაა.
საინტერესოა ასევე GW200220_061928 მოვლენა, რომელიც შეესაბამება 87 და 61 მზის მასის შავი ხვრელების შერწყმას, რომლის შედეგადაც გაჩნდა 141 მზის მასის შავი ხვრელი (7 მზის მასის შესაბამისი ენერგია გრავიტაციული ტალღებით გამოსხივდა), რომელიც ხვდება შუალედური მასის შავი ხვრელების ნაკლებად შესწავლილ კლასში.
ასევე ასტრონომებმა მოახერხეს ტალღური სიგნალით შავი ხვრელების ბრუნვის დაფიქსირება. ორ შემთხვევაში გამოდის, რომ შეჯახებამდე შავი ხვრელები თავიანთი ღერძების გარშემო ბრუნავდნენ ორბიტალური ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით, რაც საკმაოდ უცნაურია.
ამჟამად მიმდინარეობს გრავიტაციული ტალღების დეტექტორების შემდგომი მოდერნიზება მე-4 ერთობლივი დაკვირვებების სეზონისთვის (O4), რომლის დაწყებაც 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ განახლებული დეტექტორებით O4-სეზონში მოხერხდება O3-ზე 3-ჯერ მეტი სიგნალის დაფიქსირება, ანუ დაახლოებით 5 სიგნალი კვირაში.
წყარო:
https://www.ligo.org/science/Publication-O3bCatalog/index.php