შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

შუალედური მასის შავი ხვრელი დაფიქსირდა მის მიერ ვარსკვლავის შთანთქმით
შუალედური მასის შავი ხვრელი დაფიქსირდა მის მიერ ვარსკვლავის შთანთქმით

რენტგენის სხივების გამოკვლევით, ვარსკვლავის განადგურების პროცესისას ასტრონომებმა მიაკვლიეს საკმაოდ მოუხელთებელ ობიექტს: ეს გახლავთ შუალედური მასის შავი ხვრელი, რომლის მასის მნიშვნელობა მდებარეობს ვარსკვლავური მასის (100 მზის მასამდე) და ზემასიურ (მილიარდობით მზის მასა) შავი ხვრელების მასებს შორის დიაპაზონში.

მეცნიერების თქმით, შუალედური მასის შავი ხვრელები, იგივე IMBH-ები, სავარაუდოდ მრავლადაა სამყაროში, თუმცა მათი დაფიქსირება ძალიან ჭირს. ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევაში, თუ როგორ იძენს ზემასიური შავი ხვრელი თავის კოლოსალურ მასას.

„ის, რომ შავი ხვრელი დავაფიქსირეთ მის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის დროს, გვაძლევს იმის შანსს, რომ დავაკვირდეთ სხვა შემთხვევაში უხილავ ობიექტს. შთანთქმის პროცესისას ნათების ანალიზის საშუალებით ჩვენ მოვახერხეთ ახალი ინფორმაცია მიგვეღო ამ კატეგორიის შავ ხვრელებთან დაკავშირებით. აქვე აღსანიშნავია, რომ შავი ხვრელების უმრავლესობას სამყაროში სწორედ IMBH-ს უნდა წარმოადგენდეს.“- ამბობს სტატიის ერთ-ერთი ავტორი Ann Zabludoff (არიზონას უნივერსიტეტი).

შავი ხვრელები თავიანთ თავს ამჟღავნებენ როდესაც მათ უახლოვდებათ ვარსკვლავები. ისინი თავიანთი ძლიერი გრავიტაციული ველით „წელავენ“, თავისკენ მიიზიდავენ და ანაწევრებენ ვარსკვლავს. ამ პროცესს თან ახლავს ძლიერი ნათება, რომელიც გრძელდება მანამ, სანამ შავი ხვრელი მთლიანად არ შთანთქავს ვარსკვლავის ნარჩენებს.

მსგავსი მოვლენა (3XMM J215022.4−055108) დაფიქსირდა 2003 წელს, ჩვენგან 740 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებულ გალაქტიკაში. ვარსკვლავის შთანთქმას 10 წელიწადი დასჭირდა, რამაც დიდი რაოდენობის მონაცემთა ანალიზის საშუალება მისცა მეცნიერებს. ანალიზმა აჩვენა, რომ მშთანთქმელი გახლდათ IMBH.

არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა Sixiang Wen ხელმძღვანელობით, ახლახან ჩაატარა მონაცემების ხელახალი ანალიზი. მათ აღმოაჩინეს, რომ შავი ხვრელს დაახლოებით 10,000 მზის მასა აქვს და ძალიან სწრაფად ბრუნავს. მკვლევარებმა ბრუნვის სიჩქარის ანალიზის საფუძველზე ასევე შეძლეს ინფორმაციის მოპოვება ფარულ მატერიაზე. არავინ იცის რას წარმოადგენს ფარული მატერია, თუმცა ზემოთ ხსენებული შავი ხვრელის ბრუნვის სიჩქარეზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ის ვერ იქნება შემდგარი ჰიპოთეტური ულტრა-მსუბუქი ბოზონებისგან.

შავი ხვრელის ბრუნვა ასევე იძლევა მისი ზრდის ისტორიის გამოკვლევის საშუალებას.

Ann Zabludoff-ის თქმით - „შესაძლებელია, რომ მოცემული შავი ხვრელი ასეთად დაბადებულიყო და დიდად არ შეცვლილიყო მას შემდეგ“. ასევე, შესაძლებელია, რომ ის იყოს ახლო წარსულში ორი IMBH-ს შერწყმის შედეგი. თუმცა ბრუნვის სიჩქარის გამო გამორიცხულია, რომ ის განვითარებულიყო სტაბილურად, ვარსკვლავთშორისი გაზების შთანთქმის საშუალებით.

IMBH-ს საძიებლად საუკეთესო რეგიონებს წარმოადგენს ჯუჯა გალაქტიკების ცენტრები. ცნობილია, რომ გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის მასა პროპორციულია მის გარშემო ვარსკვლავების სფერული განაწილების მასის. რადგან ცნობილია, რომ ირმის ნახტომის, ან უფრო დიდი ზომის გალაქტიკის გულში ზემასიური შავი ხვრელები მდებარეობს, ჯუჯა გალაქტიკის ცენტრი არის საუკეთესო კანდიდატი IMBH-ის საპოვნელად. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად შესაძლო იქნება ჯუჯა გალაქტიკებზე უფრო დეტალური დაკვირვება. „ნათებებისას რენტგენის გამოსხივებაზე დაკვირვებით და მათი შედარებით თეორიულ მოდელებთან, შევძლებთ მივაღწიოთ კონსესუსს, სამყაროში IMBH-ების პოპულაციის შესახებ“- განაცხადა Sixiang Wen-მა.

წყარო:

https://www.scien...ing-a-star

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.