The Astrophysical Journal-მა დასაბეჭდად მიიღო ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, რომლებმაც ავსტრალიაში განთავსებული 36 რადიო-ტელესკოპისგან შედგენილი გიგანტური რადიო-ინტერფერომეტრის, ASKAP (Australian Square Kilometre Array Pathfinder) მეშვეობით აღმოაჩინეს გალაქტიკის ცენტრთან ახლოს მდებარე უცნაური რადიო-სიგნალების წყარო - ASKAP J173608.2-321635, რომელსაც ცნობილი წყაროებისგან განსხვავებით, სხვა გამოსხივება არ გააჩნია.
ASKAP J173608.2-32163 საკმაოდ რთული აღმოსაჩენი იყო, რადგან ის ძალიან ცვალებადი წყაროა, სიგნალს ზოგჯერ კვირების განმავლობაში აკვირდებოდნენ, ზოგჯერ კი იგი უცაბედად წყდებოდა. გარდა ამისა, ამ წყაროზე მონაცემები არ მოიპოვებოდა არც რენტგენის და ინფრაწითელი დაკვირვებების მონაცემებში, არც ადრე ჩატარებული რადიო დაკვირვებების არქივებში. თუმცა 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის აგვისტომდე ასტრონომები 13 ძლიერ სიგნალ დააკვირდნენ.
ASKAP J173608.2-32163 ასხივებს მხოლოდ ძლიერად პოლარიზებულ რადიო-ტალღებს (ოსცილაციებს გააჩნიათ როგორც წრიული, ისე წრფივი კომპონენტა). ეს ფაქტი ყველაზე უცნაურია, რადგან ნიშნავს, რომ სიგნალი არაა დაკავშირებული არც ვარსკვლავების აქტივობასთან, არც ორმაგ სისტემებთან, არც ნეიტრონის ვარსკვლავებთან და არც ზეახალის აფეთქებებთან. გამოსხივების პოლარიზაცია მიუთითებს გაფანტვის და დამაგნიტების არსებობაზე, მაგალითად ვარსკვლავთშორისო სივრცეში არსებულ მტვერზე და მაგნიტურ ველებზე, თუმცა შესაძლოა თვით წყარო იყოს ძლიერად დამაგნიტებული.
მეცნიერებმა არ იციან რა არის აღმოჩენილი რადიო-სიგნალების წყარო. ობიექტს გააჩნია გალაქტიკის ცენტრთან ადრე აღმოჩენილი უცნაური რადიო აფეთქებების, GCRT-ის (Galactic Center Radio Transients) მსგავსი თვისებები. სამი GCRT იდენტიფიცირებული იქნა 2000-იან წლებში, კიდევ რამდენიმე დადასტურებას ელოდება. თუ ASKAP J173608.2-32163 მართლაც წარმოადგენს GCRT-ს, მაშინ რადიოტელესკოპების მასივ ASKAP-ს შეუძლია მეტი ასეთი სიგნალის აღმოჩენა, რაც დაგვეხმარება გავარკვიოთ რას წარმოადგენენ ისინი. მეცნიერების სიტყვებით, საჭიროა დამატებითი დაკვირვებები ამ იდუმალი ობიექტების ბუნების დასადგენად.
წყარო: