500 მეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდი (101955) Bennu აღმოჩენილი იქნა 1999 წელს NASA-ს დედამიწისთვის პოტენციურად სახიფათო ობიექტების ძიების პროგრამა LINEAR-ის ფარგლებში, რომელიც 1998 წლიდან ხორციელდება. ასტეროიდს სახელი ეწოდა ძველ ეგვიპტური მითოლოგიის ფრინველის საპატივცემულოდ, რომელიც ოსირისის აღდგომის სიმბოლოდ ითვლება. აღმოჩენის შემდეგ Bennu არაერთხელ დაუახლოვდა დედამიწას, რამაც მეცნიერებს მისი რადიოლოკაციური მეთოდებით დაკვირვების საშუალება მისცა. 2016 წელს კი ასტეროიდისკენ გაიგზავნა პლანეტათშორისო სადგური OSIRIS-Rex (NASA), რომელიც 2.5 წლის განმავლობაში სწავლობდა Bennu-ს. ამ ხნის განმავლობაში მოხდა ასტეროიდის კარტოგრაფირება და მის ზედაპირზე აღმოჩენილ რელიეფის 12 დეტალს სხვადასხვა მითოლოგიის ფრინველების სახელები ეწოდათ; დადგინდა, რომ Bennu არის აქტიური, დროდადრო ადგილი აქვს მისი ზედაპირიდან მტვრის ნაწილაკების ამოფრქვევებს; მის ზედაპირზე აღმოაჩინეს დაშლილი ლოდები, ასტეროიდების მთავარი სარტყელის ობიექტ Vesta-ს ფრაგმენტები, ორგანული ნივთიერებები და კარბონატები; ასევე დადგინდა Bennu-ს ასტეროიდების მთავარი სარტყლიდან დღევანდელ ორბიტაზე მიგრაციის დეტალები. გარდა ამისა OSIRIS-Rex-მა აიღო 400 გრამი გრუნტის სინჯი ასტეროიდის ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან. ამჟამად OSIRIS-Rex-მა დატოვა Bennu და დედამიწისკენ მოფრინავს. მოსალოდნელია, რომ ასტეროიდის გრუნტით სავსე კაფსულა დაეშვება იუტას შტატში მდებარე პოლიგონზე 2023 წლის 24 სექტემბერს.
ჟურნალმა Icarus 10 აგვისტოს გამოაქვეყნა Davide Farnocchia-ს (NASA-ს რეაქტიული მოძრაობების ლაბორატორია) ხელმძღვანელობით შექმნილი ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც სტაციონარული ტელესკოპებისა და OSIRIS-Rex-ის მონაცემებზე დაყრდნობით დაზუსტებულია Bennu-ს მოძრაობის ტრაექტორია და შეფასებულია მისი დედამიწასთან შეჯახების ალბათობა. მეცნიერებმა შექმნეს ახალი მოდელი, სადაც გაითვალისწინეს Yarkovsky-ს ეფექტი (სითბური გამოსხივებით გამოწვეული სუსტი რეაქტიული იმპულსის გაჩენა) და Poynting–Robertson-ის შეშფოთება (მტვრის ნაწილაკების მზისკენ სპირალური დრეიფი), რომელთაც აქამდე არ ითვალისწინებდნენ პლანეტათშორისო სხეულების დინამიკის კონტექსტში.
აღმოჩნდა, რომ Yarkovsky-ს ეფექტის გამო Bennu-ს ორბიტის დიდი ნახევარ-ღერძის სიგრძის ცვლილება 1900-2135 წლებში შეადგენს წელიწადში ±1 მეტრს. ამავდროულად მზის ქარით გამოწვეულმა ხახუნმა შეიძლება შეამციროს დიდი ნახევარ-ღერძის დრეიფის სიდიდე 16 სანტიმეტრამდე წელიწადში. Bennu-ს დედამიწასთან შეჯახების ალბათობა 2300 წლამდე შეფასებული იქნა როგორც 1 შანსი 1,750-დან, ხოლო ყველაზე ალბათურ პერიოდად დასახელდა 2182 წლის სექტემბერი, როცა ალბათობა შეადგენს -1.6-ს პალერმოს შკალით (პოტენციური ხიფათის შეფასების ლოგარითმული შკალა ასტრონომიაში, სადაც გათვალისწინებულია შეჯახების ალბათობის და კინეტიკური ენერგიის მონაცემები), რაც Bennu-ს აქცევს ამჟამად დედამიწისთვის ყველაზე სახიფათო ობიექტად. აქამდე ყველაზე სახიფათოდ ითვლებოდა ასტეროიდი (29075) 1950 DA, რომელსაც შეესაბამება -1.4 პალერმოს შკალით. Bennu-ს დედამიწასთან მორიგი დაახლოება მოხდება 2037 წელს, რაც რადიოლოკაციური მეთოდით მისი ორბიტის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს.
წყარო:
https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0019103521002591?via%3Dihub