LIGO და Virgo დეტექტორებმა 2020 წლის იანვარში, ათდღიანი ინტერვალით დააფიქსირეს შავი ხვრელი - ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმის ორი შემთხვევის შედეგად გამოსხივებული გრავიტაციული ტალღები, მოვლენები GW200105 და GW200115. მოგვიანებით, ობიექტებზე დასაკვირვებლად ასევე გამოიყენეს იაპონური ახალი გრავიტაციული ტალღების დეტექტორი KAGRA. 2021 წლის 29 ივნისს ჟურნალში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნებულ სტატიაში კოლაბორაცია პირველად ადასტურებს შავი ხვრელის მიერ ნეიტრონული ვარსკვლავის შთანთქმის ამ შემთხვევებს. საქმე იმაშია, რომ შავი ხვრელი - ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმის 2 კანდიდატი 2019 წელსაც დაფიქსირდა, თუმცა GW190426 სიგნალის საბოლოო დადასტურება ვერ მოხერხდა, ხოლო GW190814 მოვლენის ნეიტრონული ვარსკვლავის მასისთვის გამოთვლები იძლეოდნენ ასეთი ობიექტებისთვის არარეალურად დიდ მასას (2.6 მზის მასა).
სიმულაციების თანახმად, დადასტურებულ GW200105 სიგნალს შეესაბამება დაახლოებით 9 მზის მასის შავი ხვრელის მიერ 1.9 მზის მასის ნეიტრონული ვარსკვლავის შთანთქმა დედამიწიდან 550 მილიონიდან 1.3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. ხოლო დადასტურებული GW200115 სიგნალი გამოსხივდა 6 მზის მასის შავი ხვრელის შერწყმისას 1.5 მზის მასის ნეიტრონულ ვარსკვლავთან დედამიწიდან 650 მილიონიდან 1.5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე.
შემდგომმა დაკვირვებებმა ცის იმ მონაკვეთზე, სადაც სავარაუდოდ მდებარეობდნენ ეს ორი შავი ხვრელი - ნეიტრონული ვარსკვლავის წყვილი, ვერ გამოავლინა თანმხლები ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ამიტომ ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ამ მოვლენებისას შავმა ხვრელებმა კი არ დაშალეს ნეიტრონული ვარსკლავები, არამედ მთლიანად გადაყლაპეს ისინი.
აქამდე დადასტურებული გრავიტაციული ტალღები ინტერპრეტირებული იყო როგორც ორმაგი შავი ხვრელების და ორმაგი ნეიტრონული ვარსკვლავების (1 შემთხვევა) შერწყმა, ხოლო შავი ხვრელის და ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმა პირველად დაფიქსირდა. ასეთი მოვლენის დაკვირვება მნიშვნელოვანია მრავალი ასტროფიზიკური მოდელისათვის, რომლებიც სწავლობენ კომპაქტური ობიექტების ფორმირებას და ორმაგი სისტემების ევოლუციას.
წყარო: