თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, დიდი აფეთქებიდან რამდენიმე წამის შემდეგ მატერია და ანტიმატერია თანაბარი რაოდენობით წარმოიქმნა. როგორც ვიცით, ნაწილაკისა და ანტინაწილაკის ურთიერთქმედებისას ხდება მათი ანიჰილაცია, რის შედეგადაც წარმოიქმნება მაღალენერგიული ფოტონები, ან ნაწილაკ-ანტინაწილაკის წყვილები. ანუ ამ თეორიის მიხედვით დღეს-დღეისობით სამყაროში მატერია და ანტიმატერია საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ან უნდა არსებობდეს თანაბარი რაოდენობებით.
თუმცა დაკვირვებად სამყაროში ანტიმატერია თითქმის არ გვხვდება. ამის მიუხედავად მეცნიერებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ სამყაროში შემოინახა არა-ანიჰილირებული ანტიმატერია. თეორიულად, მილიარდობით წლის განმავლობაში ამ ანტიმატერიას შეეძლო წარმოექმნა ანტივარსკვლავები და ანტიგალაქტიკებიც კი.
პირველი მტკიცებულება, რომ ანტიმატერიის გარკვეული რაოდენობა სამყაროში შემოინახა, იყო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე განთავსებული მაგნიტური ალფა-სპექტრომეტრის AMS-02 მიერ 2018 წელს ანტი-ჰელიუმის ბირთვების აღმოჩენა კოსმოსურ სხივებში. ამასთანავე თანამგზავრულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა პირველად კოსმოსურ სხივებში ანტი-პროტონების არსებობა.
მკვლევარებმა ტულუზის უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და პლანეტოლოგიის კვლევითი ინსტიტუტიდან (IRAP) Simon Dupourque-ის ხელმძღვანელობით, ანტივარსკვლავების მოსაძებნად შემოგვთავაზეს გამა-სხივების გამოყენება. მათი მოსაზრებით გამა-გამოსხივება უნდა წარმოიქმნას ჩვეულებრივი ვარსკვლავთშორისი ნივთიერების ანტივარსკვლავის ზედაპირზე დაცემისას, რა დროსაც მოხდება მატერიისა და ანტიმატერიის ანიჰილაცია.
თუმცა გამა-გამოსხივება შეიძლება მოდიოდეს არა მხოლოდ ანტივარსკვლავებიდან, არამედ სხვა წყაროებიდანაც, მაგალითად: პულსარებიდან ან კვაზარებიდან. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველ წყაროს აქვს მისთვის დამახასიათებელი სპექტრი. კოსმოსური გამა ტელესკოპის Fermi (NASA) ათწლიანი დაკვირვებების შედეგად მოგროვილი 5,787 გამა-გამოსხივების წყაროდან ავტორებმა ამოარჩიეს ის ობიექტები, რომელთა გამოსხივება განსხვავდებოდა დადასტურებული გამა-გამოსხივების წყაროების სპექტრისგან და ემთხვეოდა ბარიონ-ანტიბარიონის ანიჰილაციის შედეგად მიღებულ სპექტრს. ასეთი წყაროების რაოდენობა, ანტივარსკვლავების კანდიდატი, LAT-ის (Large Area Telescope) კატალოგში 14-ის ტოლი აღმოჩნდა. ავტორების აზრით, ამ ობიექტებიდან ერთ-ერთი მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ანტი-ჰელიუმის ბირთვების წყარო, რომელიც AMS-02-მა დააფიქსირა 2018 წელს.
თავიანთი გამოთვლებისა და ანტივარსკვლავის გარშემო აკრეაციის პროცესის მოდელირებით მიღებული შედეგების გაერთიანებით მეცნიერებმა გამოთვალეს ჩვენს გალაქტიკაში ჩვეულებრივ ვარსკვლავებში ანტივარსკვლავების წილის ზედა ზღვარი, რომელიც Fermi-ის მგრძნობელობის გათვალისწინებით, 2,5*10-6-ის ტოლი გამოვიდა (ანუ 2,5 ანტივარსკვლავი ერთ მილიონ ვარსკვლავზე). უფრო მეტი ანტივარსკვლავი შეიძლება იყოს ძირითადი გალაქტიკური დისკის საზღვრებს გარეთ, თუმცა იქიდან წამოსული გამა-გამოსხივების აღმოჩენა ძალზედ რთულია.
ფრანგი ასტროფიზიკოსების კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2021 წლის 20 აპრილს ჟურნალში Physical Review D. ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ ჯერ-ჯერობით არა აქვთ რაიმე სარწმუნო ინფორმაცია ან ფაქტი სამყაროში ანტიმატერიის ასეთი დიდი რაოდენობის არსებობის შესახებ და მათი მოსაზრებები, მხოლოდ თეორიულ ვარაუდებს ეფუძნება.
წყარო:
https://journals.aps.org/prd/abstract/10.1103/PhysRevD.103.083016