ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოსილი ობიექტი პირველად 2017 წლის 19 ოქტომბერს დაფიქსირდა, როცა სიგარის ფორმის ასტეროიდმა „ოუმუამუა“ (Oumuamua) დიდი სიჩქარით ჩაუფრინა დედამიწას და დატოვა მზის სისტემა. 2 წლის შემდეგ, მეორე მსგავსი „სტუმარი“ - ბორისოვის კომეტა (2I/Borisov) გამოჩნდა. ამ ორმა ობიექტმა დაადასტურა მანამდე არსებული მოსაზრება, რომ ვარსკვლავთშორისი სივრცის ობიექტები (ISO) მუდმივად შემოდიან მზის სისტემაში.
ამ მოვლენის სიხშირის განსაზღვრის საკითხი სწორედ 2017 წლიდან დაისვა. ბრიტანული არაკომერციული ორგანიზაციის - ვარსკვლავთშორისი სივრცის კვლევის ინიციატივის (i4is) ფარგლებში გაერთიანებული მეცნიერების ბოლო კვლევების თანახმად, ყოველწლიურად დაახლოებით 7 ISO შემოდის მზის სისტემაში, რომელთა ორბიტების დადგენა შესაძლებელია. მოძრაობის ტრაექტორიის ცოდნა ამ ობიექტისკენ უახლოეს მომავალში კოსმოსური ხომალდების გაშვების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს საკითხი შესწავლილი იქნა ფლორიდის ტექნოლოგიის ინსტიტუტის, ჰარვარდის თეორიული და გამოთვლების ინსტიტუტის, ტეხასის უნივერსიტეტის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და პარიზის ობსერვატორიის, i4is-ის ფარგლებში გაერთიანებული, მკვლევართა ჯგუფის მიერ თავიანთ ბოლო სტატიაში რომელიც ჯერ-ჯერობით პრეპრინტის სახით გამოქვეყნდა არქივში.
ასტრონომიაში ISO-ს შესწავლის რევოლუცია 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო Oumuamua-ს შესწავლით, ხოლო 2019 წელს 2I/Borisov კომეტის დაფიქსირებამ დაადასტურა ასტრონომების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ასეთი ობიექტები მზის სისტემას მუდმივად სტუმრობენ.
„ვარსკვლავთშორისი ობიექტების არსებობის დადასტურება კვლევის ახალ სფეროს ქმნის. მათი შესწავლა პროქსიმა კენტავრზე შესაძლო მისიების განხორციელებამდე საუკუნეებით ადრე გვაძლევს ეგზოსხეულების შესწავლის საშუალებას“, - ამბობს i4is-ისა და ბევრი სხვა სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი Marshall Eubanks-ი.
ამჟამად ISO-ს კვლევებისთვის მრავალი სამეცნიერო პროექტია შემუშავებული, როგორებიცაა მაგალიტად Lyra და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია Comet Interceptor, რომლის გაშვება კოსმოსში 2029 წელსაა ნავარაუდევი დიდი პერიოდის კომეტების შესასწავლად.
Marshall Eubanks-ის თქმით: „მზის სისტემაში შემოსული კოსმოსური ობიექტების ორბიტაზე გასვლა, ან მათზე დაშვება დამატებით საფრთხეებს და სირთულეებს შეიცავს. ამის საილუსტრაციო მაგალითია Oumuamua-ს შემთხვევა. ის ასტრონომებმა პირველად მაშინ დააფიქსირეს, როცა მზესთან შესაძლო მაქსიმალური მიახლოების შემდეგ დედამიწას ჩაუარა. მეცნიერებს დაკვირვებისთვის მხოლოდ 11 დღე ჰქონდათ, სანამ Oumuamua გავიდოდა მზის სისტემიდან და უკან მოიტოვებდა ჩვენი ხელსაწყოების აღქმის/მუშაობის ზონას.“
კომეტა 2I/Borisov კი პირველად მოყვარულმა ასტრონომმა Gennadiy Borisov-მა შენიშნა 2019 წლის 30 აგვისტოს, მისი პერიჰელიუმის მიღწევამდე დაახლოებით სამი თვით ადრე. მაგრამ მომავალი მისიების დასაგეგმად ISO-ს დაფიქსირებაზე მეტად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რამდენად ხშირად გვსტუმრობენ ასეთი ობიექტები ვარსკვლავთშორისი სივრციდან და რამდენად ჩქარა გადაადგილდებიან ისინი. სიჩქარის განსაზღვრისთვის i4is-ის ფარგლებში გაერთიანებულმა მკვლევარებმა შეისწავლეს თუ რა გავლენა აქვთ ISO-ს მოძრაობაზე გალაქტიკურ ათვლის სისტემას და ვარსკვლავთშორის გაზს და მტვერს მზის სისტემის სიახლოვეში. სხვადასხვა მონაცემების გამოყენებით მეცნიერებმა შეაფასეს, რომ წელიწადში საშუალოდ შვიდი ასტეროიდის მაგვარი ISO სტუმრობს მზის სისტემას, ხოლო 2I/Borisov კომეტის მაგვარი ობიექტები შედარებით იშვიათია, ისინი 10 ან 20 წელიწადში ერთხელ ჩნდებიან. როგორც აღმოჩნდა, ISO-ს უმრავლესობა Oumuamua-ზე გაცილებით ჩქარა მოძრაობს (Oumuamua წამში 26 კილომეტრზე მეტს გადიოდა).
მიღებული მონაცემებით მეცნიერებს შეეძლებათ მოემზადონ ISO-ებზე შესაძლო მისიებისთვის. პერიოდულად გამოჩენილი ობიექტების შესწავლა ასევე კარგი დასაწყისი იქნება მახლობელი ვარსკვლავური სისტემების კვლევის საქმეში.
წყარო: