CERN-ის LHCb კოლაბორაციამ, რომელიც აქტიურად აწარმოებს კვლევებს ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით, 2 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოაცხადა 4 ახალი ადრონის დეტექტირების შესახებ. ამ ახალი აღმოჩენის შედეგად ბოლო 11 წლის განმავლობაში CERN-ში დაფიქსირებული ნაწილაკების რიცხვი (თუ ჰიგსის ბოზონს არ ჩავთვლით) 59-მდე გაიზარდა.
როგორც ვიცით, ადრონები არ წარმოადგენენ ელემენტარულ ნაწილაკებს, არამედ შედგებიან კვარკებისგან, რომლებიც შემოთავაზებულ იქნა 1964 წელს გელ-მანის მიერ. კვარკისა და ანტიკვარკის წყვილისაგან შედგენილ ადრონს მეზონი ეწოდება, სამი კვარკისაგან შედგენილ ადრონს - ბარიონი, ხოლო ადრონებს, რომლებიც უფრო მეტი რაოდენობის კვარკებისაგან შედგებიან, ეგზოტიკური ადრონებს უწოდებენ.
CERN-ში ბოლო წლებში აღმოჩენილ იქნა ოთხი და მეტი კვარკისგან შემდგარი რამდენიმე ნაწილაკი. ახალი 4 ნაწილაკებიც 4-კვარკინ სტრუქტურებს - ტეტრა-კვარკებს წარმოადგენენ, რომელთა შედგენილობაა cc̄us̄ და cc̄ss̄. ამ ახალი ადრონების შესწავლა სამეცნიერო თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, რადგან მათმა გამოკვლევამ შესაძლოა მოგვაწოდოს ინფორმაცია კვარკული მოდელის შემოსაზღვრულობის შესახებ. ახალმა კვლევებმა ასევე შეიძლება პასუხი გასცენ ჯერ-ჯერობით უპასუხო კითხვას, თუ რატომ შეიცავს ყველა ტეტრა- და პენტა-კვარკი c კვარკების წყვილებს და რატომ არ არიან იგივე ნაწილაკები აგებული მაგალითად s კვარკების წყვილებისაგან. კიდევ ერთი საიდუმლო, რომელსაც შესაძლოა ფარდა აეხადოს, არის ის, თუ როგორ არიან ეს ნაწილაკები ერთმანეთთან შეკავშირებული ძლიერი ურთიერთქმედებით.
თითოეული ახალი ადრონის აღმოჩენა საშუალებას იძლევა გაიზომოს მათი მასა და სხვა პარამეტრი, რომლებმაც შესაძლოა ახალი ინფორმაცია მოგვაწოდოს ძლიერი ურთიერთქმედების თვისებებზე. ეს მეცნიერებს დაეხმარება შეათანხმონ ექსპერიმენტული და თეორიული მონაცემები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს LHC-ს საბოლოო მიზნის განხორციელებას - იპოვოს ფიზიკა სტანდარტული მოდელის მიღმა. სტანდარტული მოდელი, მიუხედავად მისი წარმატებებისა, არ წარმოადგენს უკანასკნელ სიტყვას ნაწილაკთა ფიზიკაში. თითოეული ახალი ადრონის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავაფართოვოთ ჩვენი ცოდნა ბუნების კანონების შესახებ, რაც მიგვიყვანს მატერიის ფუნდამენტური თვისებების უკეთ გააზრებამდე, რაშიც მდგომარეობს კიდეც მსგავსი ახალი აღმოჩენების მთავარი აზრი.
წყარო:
https://cerncouri...traquarks/