ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ 2020 წლის ზაფხულში მოხდა მარსის მიმართულებით სამი სხვადასხვა ქვეყნის თანამგზავრის გაშვება.
მარსის ორბიტას პირველმა გაერთიანებული არაბთა ემირატების თანამგზავრმა ალ ამალმა (مسبارالأمل, იმედი) მიაღწია 9 თებერვალს და გადმოსცა მარსის პირველი ფოტოები. მარსის პირველი არაბული მისიის მიზანია მარსის ატმოსფეროს ქვედა ფენების შესწავლა. კერძოდ ატმოსფეროში ტემპერატურის, მტვრის ნაწილაკების, წყლის ორთქლის და ყინულის კრისტალების განაწილების ანალიზი.
10 თებერვალს მარსის ორბიტაზე გავიდა ჩინური ზონდი ტიანვენ-1 (天问-1, საიქიოს კითხვები-1). თანამგზავრზე განთავსებულია ორბიტალური აპარატი, დასაშვები პლათფორმა და მარსმავალი, რომელის დასმაც წითელი პლანეტის ზედაპირზე დაგეგმილია 2021 წლის აპრილის ბოლოს.
თუმცა სამეცნიერო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია მესამე, ამერიკული მისია, რომლის ფარგლებშიც 18-19 თებერვლის ღამეს, თბილისის დროით დაახლოებით 1 საათზე, უნდა განხორციელდეს NASA-ს მორიგი მარსმავალის Perseverance (შეუპოვრობა) დასმა წითელ პლანეტაზე. ახალი მარსმავალის კონსტრუქცია ამჟამინდელი როვერის Curiosity (ცნობისმოყვარეობა) ანალოგიურია, თუმცა არსებობს 2 მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც ახალ მისიას განასხვავებს წინამორბედებისგან:
1. Perseverance შეაგროვებს მარსის გრუნტის ნიმუშებს, რომელებიც შემდგომმა ამერიკულმა მისიებმა პირველად ისტორიაში დედამიწაზე უნდა ჩამოიტანონ.
2. მარსმავალთან ერთად, წითელ პლანეტაზე იგზავნება პირველი დედამიწის გარეთ მომუშავე შვეულმფრენი-დრონი Ingenuity (სისწრაფე), რომელიც მარსის ზედაპირთან იფრენს და მოიძიებს სამეცნიერო შესწავლისათვის პოტენციურად საინტერესო ადგილებს.
Perseverance-ს მარსზე დაშვების პირდაპირი ტრანსლაციის ყურება შესაძლებელი იქნება NASA-ს სხვადასხვა მედია არხით:
https://mars.nasa.gov/mars2020/timeline/landing/watch-online/
https://www.nasa.gov/content/live-landing-of-the-mars-2020-perseverance-rover