წლევანდელი მარსზე აპარატების გაშვების ფანჯრის პერიოდში, რომელიც 17 ივლისიდან 5 აგვისტომდეა გახსნილი, დაგეგმილი იყო სამი სხვადასხვა მისია, რომელთაგანაც ორი უკვე დაიწყო.
20 ივლისს იაპონური კოსმოდრომიდან Tanegashima სტარტი აიღო პირველმა არაბულმა მისიამ მარსზე مسبار الأمل (იმედი). ავტომატური პლანეტათშორისო სადგური შეიქმნა გაერთიანებული არაბთა ემირატის მიერ 2014 წელს დაწყებული Emirates Mars Mission ფარგლებში, რომელშიც Mohammed bin Rashid Space Centre-ის გარდა მონაწილეობდნენ კოლორადოს უნივერსიტეტი (ბოლდერი), არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი). მისიის, რომელმაც მარსს უნდა მიაღწიოს 2021 წლის თებერვალში, მიზანია მარსის ატმოსფეროს ქვედა ფენების შესწავლა. კერძოდ ატმოსფეროში ტემპერატურის, მტვრის ნაწილაკების, წყლის ორთქლის და ყინულის კრისტალების განაწილების ანალიზი.
მარსისკენ მეორე წლევანდელი გაშვება მოხდა 23 ივლისს. ჩინეთმა კოსმოსში გააგზავნა 天问 - 1 (საიქიოს კითხვები - 1), რომელზეც განთავსებულია ორბიტალური აპარატი, დასაშვები პლათფორმა და მარსმავალი. თანამგზავრმა მარსს უნდა მიაღწიოს 2021 წლის 11 თებერვალს, ხოლო 23 აპრილს წითელი პლანეტის ზედაპირზე დასვას მარსმავალი.
30 ივლისს დაგეგმილია მესამე, სამეცნიერ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული მისის დაწყება. კოსმოსში უნდა გაუშვან NASA-ს მორიგი მარსმავალი Perseverance (შეუპოვრობა). ახალი როვერის კონსტრუქცია ამჟამინდელი მარსმავალის Curiosity (ცნობისმოყვარეობა) ანალოგიურია, თუმცა არსებობს 2 მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც ახალ მისიას განასხვავებს წინამორბედებისგან:
1. Perseverance შეაგროვებს მარსის გრუნტის ნიმუშებს, რომელებიც შემდგომმა ამერიკულმა მისიებმა პირველად ისტორიაში დედამიწაზე უნდა ჩამოიტანონ.
2. მარსმავალთან ერთად, წითელ პლანეტაზე იგზავნება პირველი დედამიწის გარეთ მომუშავე შვეულმფრენი-დრონი Ingenuity (სისწრაფე), რომელიც მარსის ზედაპირთან იფრენს და მოიძიებს სამეცნიერო შესწავლისათვის პოტენციურად საინტერესო ადგილებს.