ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ „ჩანგ’ე-5“ (嫦娥五号 - ჩინური მთვარის ღვთაება) მისიის ფარგლებში მთვარეზე შეგროვებული 1,731 გრამი გრუნტის ნიმუშები სპეციალურმა კაფსულამ დედამიწაზე უსაფრთხოდ ჩამოიტანა.
ზონდი „ჩანგ’ე-5“ კოსმოსში გაშვებული იქნა 23 ნოემბერს ხაინანის კუნძულზე განლაგებული ვენჩანის კოსმოდრომიდან რაკეტის „ჩანჩჟენ-5“ (長征五号 - დიდი ლაშქრობა) მეშვეობით. მთვარის ორბიტას ზონდმა 4 დღე-ნახევარში მიაღწია, 29 ნოემბერს მას დასაშვები აპარატი გამოეყო რომელიც 1-ელ დეკემბერს დაეშვა მთვარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შტორმების ოკეანედ წოდებულ რეგიონში განლაგებული ვულკანური წარმოშობის რიუმკერის პიკის მახლობლად. აპარატმა მთვარის ზედაპირზე გრუნტის შეგროვების გარდა 2 მეტრის სიღრმის ორმო ამოთხარა და იქიდანაც აიღო გრუნტის ნიმუშები. ამის შემდეგაც ამოქმედა ასაფრენი ძრავა და დასაშვებმა აპარატმა მთვარის ორბიტაზე მოძრავი ზონდისკენ დაიწყო მოძრაობა, რომელსაც 5 დეკემბერს მიუერთდა. ხომალდმა შეგროვებული გრუნტი სპეციალურ კაფსულაში გადაიტანა, ორბიტერს გამოეყო და მთვარის ზედაპირზე დაეცა, რათა თავისი ნარჩენებით არ დაენაგვიანებინა მთვარის ორბიტა. ორბიტერი კი შეგროვილი გრუნტით 12 დეკემბერს გამოემართა დედამიწისკენ. ჩვენს პლანეტასთან მოახლოებისას მას კაფსულა გამოეყო, ატმოსფეროში შემოვიდა და 16 დეკემბერს ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიური რაიონის ტერიტორიაზე დაეშვა. 19 დეკემბერს კაფსულა გადაიტანეს პეკინში და გადასცეს მეცნიერებს.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ნიმუშების შესწავლა მათ იმის გარკვევაში დაეხმარება, თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა მთვარეზე ვულკანური აქტივობა და როდის გაქრა თანამგზავრის მაგნიტური ველი, რომელიც მას მზის რადიაციისგან იცავდა. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ განსხვავებით აშშ-ს და რუსეთის მთვარის პროგრამებისა, ჩინური აპარატის მიერ მოპოვებული მთვარის ქანების შესწავლის შედეგები და თვით ნიმუშები ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებისთვის. ასევე იგეგმება ნიმუშების განთავსება მუზეუმში.
ჩინეთი მსოფლიოში მესამე სახელმწიფოა, რომელმაც მთვარის გრუნტი დედამიწაზე ჩამოიტანა. პირველად ეს 1969-1972 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პროგრამა "აპოლოს" ფარგლებში განხორციელებული მისიების დროს შეძლო. NASA-ამ აღნიშნულ პერიოდში საერთო ჯამში 382 კილოგრამი მასალა შეაგროვა. 1970-1976 წლებში კი დაახლოებით 300 გრამი გრუნტის ნიმუში ციური სხეულიდან საბჭოთა კავშირის კოსმოსურმა აპარატებმაც მოიპოვეს. თუმცა ორივე შემთხვევაში გრუნტის ნიმუშები და მისი კვლევის შედეგები არ იყო ხელმისაწვდომი მეცნიერების ფართო წრისთვის.
წყარო: