შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ვენერაზე შესაძლოა სიცოცხლე აღმოაჩინეს
ვენერაზე შესაძლოა სიცოცხლე აღმოაჩინეს

ვენერა არასდროს ითვლებოდა მზის სისტემაში სიცოცხლის არსებობის თვალსაზრისით იმედისმომცემ პლანეტად. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე ახლა დედამიწასთან და რიგი თვისებებით მისი მსგავსია (ზომები, მასა, ორბიტალური სიჩქარე), ამ ორ პლანეტაზე არსებული პირობები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ძირითადად გამოწვეული ვენერის ნელა ბრუნვით თავისი ღერძის გარშემო (243 დღე, დედამიწის 24 სთ-ს საპირისპიროდ), რის გამოც პლანეტის დამცავი მაგნიტური ველის სუსტია. შედეგად, ვენერას ზედაპირის ტემპერატურა აჭარბებს ტყვიის დნობის ტემპერატურას, ხოლო ატმოსფერული წნევა ზედაპირთან 90-ჯერ მეტია დედამიწასთან შედარებით, რაც ოკეანეში 1 კმ სიღრმეზე არსებული წნევის რიგისაა. ვენერას ატმოსფერო შეიცავს დიდი რაოდენობის გოგირდის ნაერთებს (ვარაუდობენ გოგირდმჟავას წვიმების არსებობას) და პრაქტიკულად არ გვხვდება წყლის ორთქლი და ჟანგბადი. თანაც ვენერა აქტიური ვულკანიზმის პლანეტაა, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს მრავალრიცხოვანი ვულკანების ამოფრქვევები. ეს ყველაფერი ვენერას აქცევს ცილოვანი სიცოცხლის ფორმებისთვის გამოუსადეგარ პლანეტად.

მაგრამ ბოლო დროინდელი კვლევებიდან გამოჩნდა, რომ ვენერას ატმოსფეროში არსებობს ფენა, რომელშიც ტემპერატურა და წნევა ხელსაყრელია იქ სიცოცხლის თუნდაც ძალიან მარტივი, მიკრობული, ფორმების გაჩენისათვის. არსებობს თეორიები, რომ ექსტრემო ფილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი სახეობა შესაძლოა გვხვდებოდეს ატმოსფეროს ზედა ფენებში. ამ ჰიპოთეზის დადასტურებაში, ან უარყოფაში შესაძლოა დაგვეხმაროს ე.წ. ბიო-მარკერები.

ერთ-ერთ პოტენციურ ბიო-სიგნატურას კლდოვანი პლანეტებისთვის წარმოადგენს ფოსფინის გაზი (PH3), რომლის გაჩენა დედამიწის ატმოსფეროში დაკავშირებულია ანთროპოგენულ ზემოქმედებასთან და ანაერობული მიკროორგანიზმების ცხოველ-მოქმედებასთან. ეს ტოქსიკური გაზი, რომელსაც ნივრის სუნი აქვს, აკმაყოფილებს ბიო-სიგნატურული გაზისთვის აუცილებელი კრიტერიუმების უმრავლესობას, თუმცა მისი აღმოჩენა საკმაოდ რთულია.

ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა Jane Greaves (კარდიფის უნივერსიტეტი) ხელმძღვანელობით 2017 და 2019 წლებში ჩაატარეს ვენერას ატმოსფეროს კვლევა სუბ-მილიმეტრული რადიო ტელესკოპის JCMT (მაუნა კეას ობსერვატორია, ჰავაი) და მილიმეტრული რადიოტელესკოპების მასივის ALMA (ატაკამას ობსერვატორია, ჩილე). კვლევის მიზანი იყო ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის ძიება 1,123 მმ ტალღის სიგრძეისთვის, რაც PH3-მოლეკულის (1-0) ბრუნვით გადასვლებს შეესაბამება.

შედეგად ვენერას ზედაპირიდან 53-61 კმ-ზე დაფიქსირდა ფოსფინის საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია. გაზის წარმოშობის წყარო უცნობია. ავტორების აზრით ფოსფინის აღმოჩენა ჯერ კიდევ არ მიუთითებს ვენერას ატმოსფეროში სიცოცხლის არსებობაზე და ვარაუდობენ ჯერ კიდევ უცნობი გეოლოგიური, ან ქიმიური პროცესების შესაძლებლობაზე. ცნობილი მექანიზმები, როგორიცაა ფოტოქიმიური რეაქციები, ელჭექი, ვულკანური ამოფრქვევები, ან მეტეორიტების ვარდნა ვერ ხსნის ამ გაზის დამზერილ კონცენტრაციას ვენერას ატმოსფეროში. ამიტომ თუ ფოსფინის არსებობა ვენერას ატმოსფეროში დადასტურდა მაშინ ეს ძალიან ძლიერი არგუმენტი იქნება პლანეტაზე სიცოცხლის ფორმების არსებობის სასარგებლოდ.

ბუნებრივია აღმოჩენას დადასტურება ჭირდება. გარდა ამისა, თეორიულად ბოლომდე არაა გამორიცხული ფოსფინის წარმოქმნის რომელიმე, ჩვენთვის უცნობი, „არაცოცხალი“ პროცესის არსებობა. ასეა თუ ისე, კვლევები ცხადია გაგრძელდება და ალბათ მეცნიერთა ძალისხმევით მოხერხდება საბოლოდ იმის გარკვევა არის თუ არა მართლაც ვენერაზე სიცოცხლე.

მეცნიერების აზრით გაჩენილ კითხვებზე პასუხებს გაგვცემენ მომავლის პლანეტათა შორისო მისიები ვენერაზე: Venera-D (როსკოსმოსი, გაშვება ნავარაუდევუა 2029-2031 წლებში) და VERITAS (NASA, გაშვება ნავარაუდევია 2026 წელს). შესაძლოა მონაცემების დაზუსტება უფრო ადრეც მოხერხდეს, ESA-ს და იაპონიის აერო-კვლევების სააგენტოს ერთობლივი მერკურის მისიის (BepiColombo) გამოყენებით. პროექტის ორი ზონდიდან ერთ-ერთმა ამა წლის 15 ოქტომბერს და 2021 წლის აგვისტოში უნდა განახორციელოს გრავიტაციული მანევრები ვენერას სიახლოვეს, ხოლო ფოსფინის შთანთქმის ორი ხაზი ხვდება მისი ერთ-ერთი ხელსაწყოს სამუშაო ტალღების დიაპაზონში.

 

წყარო:

https://www.nature.com/articles/s41550-020-1174-4

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.