ჟურნალმა Astronomy & Astrophysics დასაბეჭდად მიიღო მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის სტატია, სადაც დადასტურებულია დედამიწის-მსგავსი პლანეტის, Proxima b-ს არსებობა. პლანეტა ბრუნავს მზის სისტემასთან ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის გარშემო, რომელიც მზისგან 4.2 სინათლის წლითაა დაშორებული.
„ამ პლანეტის არსებობის დადასტურება უდიდესი ამოცანა იყო, რადგან ის მზის სიტემის სამეზობლოში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტაა.“ - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა Alejandro Suarez Mascareño-მ (ტენერიფეს უნივერსიტეტი, ესპანეთი).
ახალი შეფასებებით Proxima b-ს მასა დედამიწის მასაზე 1.17-ჯერ მეტია და მას თავის ვარსკვლავს გარშემო შემოვლისთვის მხოლოდ 11.2 დღე სჭირდება.
Proxima b პირველად 2016 წელს ევროპის სამხრეთ ობსერვატორიაში (ჩილე) განთავსებული სპექტოგრაფის HARPS მეშვეობით აღმოაჩინეს. ახალ კვლევაში გამოიყენეს ასევე ჩილეში მდებარე ახალი თაობის სპექტოგრაფის ESPRESSO მონაცემები.
"ჩვენ კმაყოფილი ვიყავით, რომ HARPS-მა 17 წლის განმავლობაში მოახერხა ასობით ეგზოპლანეტის აღმოჩენა. თუმცა ჩვენ მადლიერი ვართ, რომ ESPRESSO-ს საშუალებით კიდევ უფრო ზუსტი გაზომვები განხორციელდა, რაც გუნდის 10 წლის მუშაობის ჯილდოს წარმოადგენს." - ამბობს კვლევის ერთერთი თანაავტორი, ESPRESSO-ს ჯგუფის ხელმძღვანელი Francesco Pepe (ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია).
მიუხედავად იმისა, რომ Proxima b-ს ორბიტა ასე ახლოა თავის ვარსკვლავთან, ის მაინც იღებს იგივე რიგის ენერგია რასაც დედამიწა მზისგან. ეს ფაქტი საშუალებას აძლევს ასტრონომებს დაუშვან მასზე სიცოცხლის არსებობა.
თუმცა არსებობს ერთი ცუდი ამბავიც: პროქსიმა კენტავრი დიდი ოდენობის რენტგენული გამოსხივებით გამორჩევა და ამ სპექტრში Proxima b 400-ჯერ მეტ გამოსხივებას იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან.
ჯერჯერობით უცნობია არსებობს თუ არა ატმოსფერო, რომელიც პლანეტას ამ მომაკვდინებელი გამოსხივებისგან იცავს. ასტრონომებს ჯერათ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში მათ დაეხმარებათ მომავლის ახალი თაობის სპექტოგრაფი RISTRETTO.
წყარო: