1-3 ივნისს ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების მორიგ შეხვედრაზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა ონლაინ, ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა წარმოადგინეს მარსის მთვარეების დინამიკის კომპიუტერული სიმულაციები, რომელთა ერთერთი შედეგია წარსულში მარსის გარშემო რგოლების არსებობის დაშვება.
მეცნიერები ადრეც ეჭვობდნენ, რომ მარსს შესაძლოა ადრე მცირე ზომის სარტყელი ჰქონოდა. ახლა კი ამ ეჭვების დამატებითი მტკიცებულებები გააჩნიათ.
2017 წელს ჩატარებული კომპიუტერული სიმულაციების თანახმად ოდესღაც მარსს ასტეროიდი დაეჯახა, რის შედეგადაც მის ორბიტაზე გაჩნდა მტვრის რგოლი და ასევე შეიქმნა მარსის ორი მთვარიდან უდიდესი - ფობოსი.
ხოლო ახალ მსგავს კვლევაში მარსის მომცრო მთვარეც (დეიმოსი) იქნა გათვალისწინებული, რომელიც მარსიდან უფრო შორს მდებარეობს და მისი ორბიტა მცირედაა დახრილი ეკვატორის მიმართ.
„ის ფაქტი რომ დეიმოსის ორბიტა მარსის ეკვატორს აცდენილია, ბევრისთვის უმნიშვნელო იყო და ამის ახსნას არავინ ცდილობდა.“ - ამბობს კვლევის ლიდერი Matija Ćuk (SETI, კალიფორნია).
დეიმოსის ორბიტა მარსის ეკვატორისგან მხოლოდ 1.8 გრადუსითაა გადახრილი და შედარებით ნორმალურია. მარსის მეორე თანამგზავრი ფობოსის ორბიტა კი უჩვეულოა, ის მარსს ყოველწლიურად 1.8 სმ უახლოვდება.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ 100 მილიონი წლის შემდეგ ფობოსი მარსს იმდენად დაუახლოვდება, რომ მისი მიზიდულობის გამო დაიშლება. ნარჩენების ნაწილი წარმოშობს რგოლს, რომელიც მარსზე დაეცემა, ხოლო ნაწილმა შეიძლება შექმნას ახალი უფრო მომცრო ფობოსი. 2017 წლის კვლევის თანახმად ეს შესაძლოა არაერთხელ მომხდარიყო წარსულში.
Ćuk-მა და მისმა კოლეგებმა კომპიუტერული სიმულაციებით გადაწყვიტეს ამ ჰიპოთეზის შემოწმება, რათა დაედგინათა თუ როგორ გამოიყურებოდა ფობოსი წარსულში და დაშლის რამდენ ციკლი განიცადა მან. სიმულაციებში მათ დაუშვეს, რომ ფობოსი და დეიმოსი ერთ დროს იმყოფებოდნენ 3:1 ორბიტალურ რეზონანსში.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დეიმოსის ორბიტის დახრის ასახსნელად წარსულში ფობოსი ახლანდელზე 20-ჯერ უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. კომპიუტერული სცენარის თანახმად, არსებობის 3 მილიარდი წლის განმავლობაში ფობოსმა განიცადა დაშლის ორი ციკლი. თავიდან ფობოსმა გადაინაცვლა მარსის რგოლების გარე ნაწილში, სადაც მოვიდა ორბიტალურ რეზონანსში დეიმოსთან და შეუცვალა მას ორბიტა. შედეგად კი თვით ფობოსმა დაიწყო საწინააღმდეგო მხარეს, მარსისკენ მოძრაობა და შემდგომ დაიშალა. ნატეხების ნაწილი დაეცა მარსის ზედაპირზე, ხოლო მეორე ნაწილმა შექმნა რგოლი, რომელმაც მოგვიანებით წარმოქმნა ახალი ფობოსი, შემდეგ კი ეს პროცესი ისევ გამეორდა.
ამ იდეას ადასტურებს ის, რომ დეიმოსი რამდენიმე მილიარდი წლისაა, ხოლო ფობოსი კი დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ შეიქმნა და თანაც კარგავს სიმაღლეს.
ფობოსის ასაკის შეფასება შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში მოხერხდეს, იაპონური კოსმოსური სააგენტო JAXA აპირებს ფობოსზე კოსმოსური ზონდის გაგზავნას, რომელიც შეაგროვებს გრუნტს მისი ზედაპირიდან და დედამიწაზე დააბრუნებს.
წყარო: